2022-09-07
რეგიონული შეხვედრების ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მორიგი შეხვედრა შიდა ქართლის მხარეში გაიმართა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა და სამსახურის სხვა წარმომადგენლებმა მორიგი რეგიონული შეხვედრა შიდა ქართლის მხარეში გამართეს.
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გეგმები, გამოწვევები და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა - ლელა ჯანაშვილმა ამ თემების შესახებ ამჯერად შიდა ქართლში, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
შეხვედრა ქალაქ გორში, გაფართოებულ ფორმატში წარიმართა და მას სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე, გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომელთაც დიდი რაოდენობით პერსონალური მონაცემების დამუშავება უწევთ.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება მუნიციპალიტეტებში პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე და მათთან არსებულ გამოწვევებზე, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამახვილდა. სამსახურის მხრიდან აღნიშნული ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა, აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო შამუგიამ და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა მიაწოდეს. განიხილეს კონკრეტული მაგალითები და შემთხვევები.
შეხვედრების ციკლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სხვა რეგიონებში მომავალშიც გააგრძელებს.