2022-09-19
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 6 თვის საქმიანობა შეაჯამა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 6 თვის საქმიანობის ანგარიში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, დიპლომატიური, აკადემიური კორპუსის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორს წარმომადგენლებს წარუდგინდა.
შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა გახსნა. უწყების ხელმძღვანელმა სამსახურის ფუნქციებსა და მანდატზე ისაუბრა და დამსწრე აუდიტორიას დეტალურად წარუდგინა გასული 6 თვის სტატისტიკური მონაცემები, განხორციელებული პროექტები, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მიისწრაფვის საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცებისა და დაცვისკენ. ევროინტეგრაციის გზაზე, სამსახური განაგრძობს ინსტიტუციურ განვითარებას, ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რათა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ საზედამხედველო ორგანოთა შორის.’’- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა და მიხეილ სარჯველაძემ დადებითად შეაფასეს ის შედეგები, რასაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 6 თვის ვადაში მიაღწია.
სტატისტიკური მონაცემები
აღსანიშნავია, რომ გასული წლისა და მიმდინარე წლის 6 თვის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაზრდილია სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მომართვიანობა და ინსპექტირების რაოდენობა.
მოქალაქეთა მომართვიანობა
საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა მიიღო 244 განცხადება/შეტყობინება, რომელთაგან 129 (53%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო დაწესებულებებში, 55 (23%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 60 (24%) — სამართალდამცავ ორგანოებში.
მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება)
გასული 6 თვის განმავლობაში სამსახურმა ჩაატარა 76 მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება), მათგან ჩატარდა 43% (33) გეგმიურად, ხოლო 57% (43) არაგეგმიურად.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის გეგმური ინსპექტირების მიზნობრივი ჯგუფია: არასრულწლოვნები, მიგრანტები და ქალები, ხოლო სფეროები მოიცავს შრომითსამართლებრივ ურთიერთობებს, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, ელექტრონულ კომუნიკაციებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს.
გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 70 ფაქტი. სამსახურის მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 62% (44) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 29% (20) — საჯარო სექტორში, ხოლო 9% (6) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას.
გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთაგან 41 პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 24 პირს — გაფრთხილება.
სამსახურის მიერ გაცემული დავალებები და რეკომენდაციები
სამსახურმა გასცა ჯამში 78 დავალება და რეკომენდაცია, რომელთაგან 41% (32) მიემართებოდა კერძო დაწესებულებებს, 49% (38) — საჯარო დაწესებულებებს, ხოლო 10% (8) — სამართალდამცავ ორგანოებს.
სამსახურის მიერ გაცემული კონსულტაციები
კონსულტაციები გაიცემა როგორც ზეპირი (სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში), ასევე წერილობითი ფორმით. საანგარიშო პერიოდში, სამსახურის მიერ გაცემული კონსულტაციები შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიერების კონტროლს (1627 კონსულტაცია), ასევე სხვა სამართლებრივ საკითხებს (19 კონსულტაცია).
ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი
სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 84 შემთხვევაში გამოიყენა.
შეხვედრები, ტრენინგები და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები
- სამსახურის მისიას და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს საზოგადოებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის დამკვიდრება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ამ მიზნით, სამსახური აქტიურად ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს, საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოთათვის. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები აქტიურად ტარდება საქართთველოს რეგიონებშიც.
- აღსანიშნავია, რომ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არსებობის ისტორიაში პირველად, ორენოვანი, სამეცნიერო, პერიოდული გამოცემა — „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი“ დაფუძნდა.
- ასევე, ხაზგასასმელია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმისწარმოების წესი დამტკიცდა, რომლის მიზანია სამსახურში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა და სამსახურის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება.
საერთაშორისო ურთიერთობები
სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საერთაშორისო ინსტიტუციური ცნობადობის ზრდა, მონაცემთა დაცვის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. გასული 6 თვის განმავლობაში :
- გაფორმდა მემორანდუმი ხორვატიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან, ოქტომბერში კი ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს იტალიის კოლეგა უწყებასთან.
- სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ევროპული მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების საგაზაფხულო კონფერენციაში (Conference of European Data Protection Authorities)
- სამსახურის თანამშრომლებს ინსპექტირების მეთოდოლოგიის შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ ევროპის კომისიის პროექტის, ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში
- 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტში (T-PD) ახალი დელეგაცია იქნა წარდგენილი და განხორციელდა საქართველოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ყოფილ თანამშრომელთა ჩანაცვლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოქმედი თანამშრომლებით.
- აღსანიშნავია, რომ ნოემბერში, თბილისში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი ─ „ევროპის საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრა“, რომლის მიზანია საზღვარგარეთის ქვეყნების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების მონაწილეობით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
სტრატეგიული განვითარება
სამსახურის მიერ შემუშავებულ იქნა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების სტრატეგია“, რომელიც აყალიბებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური განვითარების სამომავლო ხედვას, განსაზღვრავს ძირითად სტრატეგიულ ამოცანებსა და აქტივობებს. აღნიშნული უზრუნველყოფს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან მე-4 პუნქტის შესრულებას, რომელიც შეეხება ახლადდაარსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იმ რესურსებით აღჭურვას, რომლებიც მის მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ამ კუთხით პრიორიტეტული საკითხებია:
- ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სამსახურის ორგანიზაციული და სტრუქტურული განვითარება, ფინანსური რესურსის ზრდა, რეგიონული დაფარვა და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა. ამ კუთხით ხაზგასასმელია წარმომადგენლობითი ოფისი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც რამდენიმე თვეში ოფიციალურად დაიწყებს ფუნქციონირებას.
სამსახურის 6 თვის საქმიანობის ანგარიში იხილეთ ვრცლად
https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2022/09/PDPS_6-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98.pdf?fbclid=IwAR373kg26ftJF-1y0geD_abP88qDeqqM7D5Kz3EGCCBfdP1gYByF5e2WzVo