ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-04-18

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა მოხსენება წარადგინა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ყოველწლიურ სიმპოზიუმზე


17-21 აპრილს, კა’ფოსკარის უნივერსიტეტი (ვენეცია, იტალია) ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სიმპოზიუმს“ (“Privacy Symposium 2023”) მასპინძლობს. ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის მოწვევით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა — ლელა ჯანაშვილმა კონფერენციის პირველ დღეს, გაერთიანებული სამეფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელთან (ICO) და სერბეთის ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისართან ერთად, მოხსენება წარადგინა.
ღონისძიების პირველი დღის ერთ-ერთი პანელი ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს (EDPB) არაწევრ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას დაეთმო (“Fostering Cooperation among and with Non-EDPB European Supervisory Authorities”). პანელის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა — ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა სამსახურის მანდატზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მომწესრიგებელ ეროვნულ კანონმდებლობასა და კანონპროექტზე, სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობებზე, ასევე, იმ საერთაშორისო ქსელებსა და პლატფორმებზე, რომლის ფარგლებშიც სამსახური აქტიურად იღებს მონაწილეობას. მან მიმოიხილა კოლეგა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობის არსებული ფორმატები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო ღონისძიებები, აგრეთვე, ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის თემატიკაზე სამეცნიერო დისკუსიის წარმართვის მიზნით, სამსახურის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიის მქონე, ორენოვანი, სამეცნიერო პერიოდული პუბლიკაციის — „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ მნიშვნელობაზე. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია მონაცემთა დაცვის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თანამედროვე გამოწვევებს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები ერთად უნდა გაუმკლავდნენ. მონაცემთა დაცვის უკეთესი გარანტიების შესაქმნელად, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სახელით, კიდევ ერთხელ, გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან.“ — აღნიშნა ლელა ჯანაშვილმა პანელურ სესიაზე წარდგენილ მოხსენებაში.
პანელს მოდერაცია შვეიცარიის მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის ფედერალური კომისრის (FDPIC) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფრანკოფონიის დელეგატმა — კატრინ ლენმანმა გაუწია. პანელის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სიმპოზიუმი მიზნად ისახავს მონაცემთა დაცვის, შესაბამისობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო დიალოგის წარმართვას და თანამშრომლობას. საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად, ღონისძიებაში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარგის მოწინავე ექსპერტები. სიმპოზიუმზე განიხილება მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები. იგი მიზნად ისახავს პროფესიონალთა საერთაშორისო გაერთიანების ჩამოყალიბებას, რომელიც შეძლებს მონაცემთა ეფექტიანი დაცვის მხარდაჭერას.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებენ სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტი — დოქტ. ნატაშა პირც-მუსარი, მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისარი — დიდიე რეინდერსი, ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოსა (EDPB) და ავსტრიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტი — დოქტ. ანდრეა იელინეკი, ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი (EDPS) — დოქტ. ვოიჩეკ ვიევიოროვსკი, იტალიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი — კარლო ნორდიო, აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ხელმძღვანელები, დარგის მოწინავე ექსპერტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები