ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-06-05

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ ბავშვის ინფორმირების წესების დარღვევის ფაქტი დაადგინა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბავშვის წერილობითი მომართვის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მისი ინფორმირების კანონიერება შეისწავლა. აღსანიშნავია, რომ ბავშვის მომართვა დაწერილი იყო ბრაილის შრიფტით, ხოლო შემდგომ - გადაწერილი და ხელმოწერილი მესამე პირის (არასრულწლოვნის მასწავლებლის) მიერ. შესაბამისად, ეფექტიანი რეაგირებისა და მომართვაში ასახული ნების გამოკვლევის მიზნით, სამსახური პირადად გაესაუბრა ბავშვს თავის საცხოვრებელ გარემოში და დარწმუნდა, რომ ის იმყოფებოდა სახელმწიფო ზრუნვაში. მომართვის შინაარსითა და არასრულწლოვანთან კომუნიკაციის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბავშვმა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოდან წერილობით გამოითხოვა, თუმცა ვერ მოიპოვა თავისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები. ზემოაღნიშნულ ფაქტის კანონიერების შესწავლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ არასრულწლოვანი წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირს, მისი მშობლის მიმართ კი გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი. გარდა ამისა, ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და არასრულწლოვნის უფლებებს ორდერის საფუძველზე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იცავდა. მითითებული საქმის ფარგლებში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში დაცული, არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები მოკლე ვადებში გადაეცა საქართველოს პროკურატურას, თუმცა, ანალოგიური დოკუმენტაციის გადაცემაზე ბავშვის განცხადება დაკმაყოფილდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზემოხსენებულ არასამთავრობო ორგანიზაციას მინდობილობის საფუძველზე ბავშვის წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიენიჭა.  აღნიშნულის გათვალისწინებით, ბავშვის მოთხოვნა 50 დღის შემდეგ დაკმაყოფილდა. განხილვის ფარგლებში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, მოთხოვნილი დოკუმენტების ბავშვისთვის გადაცემის თითქმის ორი თვით დაგვიანება ახსნა არასაკმარისი ადამიანური და სხვა რესურსით, მათ შორის უსინათლო ბავშვისთვის აღსაქმელი ფორმით (ბრაილის შრიფტით) მცირე დროში დოკუმენტაციის მომზადების შეუძლებლობითა და ბავშვისთვის დანიშნული სოციალური მუშაკის შეცვლით. ნიშანდობლივია, რომ სისხლის სამართლის საქმეში თავისი უფლებების დამცველი ორგანიზაციის მისამართს, ბავშვი, საკუთარი მონაცემების შემცველი მასალების გამოთხოვის შესახებ განცხადებაშიც უთითებდა, მიუხედავად იმისა, რომ მითითებული თარიღისთვის მინდობილობა არ არსებობდა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებისმიერი პირს აქვს უფლება გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში დაცულ თავის პერსონალურ მონაცემებს და მიიღოს მათი ასლები. სამსახურმა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შეაფასა საქმის გარემოებები და მიიჩნია, რომ ხსენებული ინფორმირების უფლების ეფექტური რეალიზება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფას და სხვადასხვა სამართალწარმოების ფარგლებში მისი ან/და მის მიერ არჩეული პირების კვალიფიციურ ჩართულობას შეეხება. საქმის შესწავლით დადგინდა, რომ სახეზე იყო ბავშვის რეალური და მყისიერი ინტერესი, ყოფილიყო ინფორმირებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მის შესახებ სხვადასხვა სამართალწარმოებაში დამუშავებული დოკუმენტების თაობაზე და მათ საფუძველზე დაეცვა საკუთარი ინტერესები, თუნდაც მიმდინარე სისხლის სამართლის ან/და სამოქალაქო საქმის წარმოებისას. სამსახურმა განმარტა, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ხელთ არსებული არასაკმარისი რესურსი ვერ გაამართლებდა შშმ ბავშვის საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას, რაც გამოიხატა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვამდე ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდების დაყოვნებაში. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ არასრულწლოვანზე პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულება, ჯეროვანი ყურადღებით უნდა მოჰკიდებოდა ბავშვის კანონიერ ინტერესებს და მოეძიებინა პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა გზები, მაგალითად, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვთან აქტიური კომუნიკაციის გზით დაედგინა არასრულწლოვნის ნება და დაეზუსტებინა, ნამდვილად სურდა თუ არა მას თავის განცხადებაში მითითებულ არასამთავრობო ორგანიზაციის მისამართზე მასალების გაგზავნა, ან/და მოეხდინა სოციალური მუშაკის ჩართულობით პირადად ბავშვისთვის დოკუმენტებისა და მათი შინაარსის გაცნობა (წაკითხვა) და ამ გზით ბავშვის ინფორმირება და სხვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიიჩნია, რომ პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის უსინათლო ბავშვისთვის მიწოდების დაყოვნებით არაკანონიერად შეიზღუდა არასრულწლოვნის ინფორმირების უფლება, შესაბამისად, სამსახურის გადაწყვეტილებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად და შეეფარდა სანქცია. სამსახური აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნების მონაწილეობით განხილულ სხვადასხვა საქმეებზე დაყრდნობით, ბავშვების პერსონალურ  მონაცემებთან მიმართებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო დაწესებულებებმა გამოიჩინონ ჯეროვანი პასუხისმგებლობა, შესაძლებლობის შემთხვევაში (ასაკის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), უზრუნველყონ  მათი ჩართულობა და ინფორმირება მიმდინარე პროცესებზე, მხედველობაში მიიღონ ბავშვთან დაკავშირებული თითოეული გარემოება და მიმართონ ყველა საჭირო ზომას, რათა მონაცემთა დამუშავება, მიღებული გადაწყვეტილება ან/და მათი უფლებების რეალიზების ვადები და ფარგლები დაეფუძნოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.  

მსგავსი სიახლეები