2023-06-30
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის გუნდის ხელმძღვანელმა - გიგი ბრეგაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ - შოთა რეხვიაშვილმა გახსნეს.
ღონისძიება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.
ლელა ჯანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრა, ხაზი გაუსვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ღონისძიებაზე სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდოტორიას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში მონაცემების დამუშავება და ა.შ. გაუზიარეს კონკრეტული პრაქტიკული შემთხვევებიც.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დამსწრე საზოგადოებას მიზნობრივ აუდიტორიასთან გასავრცელებლად საინფორმაციო ბუკლეტებიც გადასცა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების (სომხურ და აზერბაიჯანულ) ენებზე ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით დაიბეჭდა.
მიღებული ცოდნა ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს დაეხმარება შემდგომი საქმიანობის პროცესში უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების მარეგულირებელი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამოვლენა და პრევენცია.
შეხვედრის მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მსგავს ფორმატში შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.