ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-07-12

რეკომენდაციები კიბერთაღლითობისგან თავის დასაცავად


გვსურს საზოგადოებას მოვუწოდოთ გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე უცხო ნომრებიდან განხორციელებულ ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან მიმართებით.
რამდენადაც აღნიშნულ შეტყობინებებსა და ზარებზე რეაგირება შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს თქვენი პერსონალური მონაცემებისთვის, გიზიარებთ რამდენიმე რეკომენდაციას:
 
1. შემომავალ ზარებთან მიმართებით:

  • დააკვირდით შემომავალ ზარს და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხორციელდება არასტანდარტული ინდექსის ან სტანდარტულისგან განსხვავებული ციფრთა კომბინაციით არ უპასუხოთ მას და დაბლოკეთ ნომერი;
  •  თუ დაგხვდათ გამოტოვებული ზარი და ის შეიცავს მსგავს (არასტანდარტულ) მახასიათებლებს, არ დაუკავშირდეთ აღნიშნულ ნომერს;
  •  თუ არ გაქვთ კომუნიკაცია სხვა ქვეყანაში მყოფ პირთან, არ უპასუხოთ საქართველოს შიდა ინდექსისგან (+995) განსხვავებულ შემომავალ ზარს;
  • იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ უპასუხოთ შემომავალ ზარს, არ გაუზიაროთ თქვენთან, ოჯახის წევრებთან ან ნაცნობებთან დაკავშირებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია.

2. შეტყობინებებთან დაკავშირებით:

  •  დაკვირვებით გაეცანით შეტყობინების შინაარსს, რომელიც შესაძლოა მიიღოთ, როგორც მოკლე ტექსტური სახით (SMS), აგრეთვე სხვადასხვა აპლიკაციით (Messenger, WhatsApp, Viber, Telegram, Signal). როგორც წესი, მსგავსი ტიპის შეტყობინებები გრამატიკულად გაუმართავია, რაც მათი იდენტიფიცირების მარტივ შესაძლებლობას იძლევა;
  • არ განახორციელოთ ამ შეტყობინებებზე უკუკავშირი არც ზარის და არც საპასუხო ტექსტის მეშვეობით;
  • არ გადახვიდეთ შეტყობინებებზე მითითებულ ბმულებზე. გაითვალისწინეთ, რომ მათი ნაწილი შეიძლება არსებული ვებ-გვერდების მისამართის მიმსგავსებულ ანალოგიას, ხოლო ნაწილი ასოთა ან სიტყვათა უშინაარსო წყობას წარმოადგენდეს.
  • განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ისეთი შინაარსის შეტყობინებებთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებულია რაიმე სახის გათამაშებასთან, კონკურსთან და  საფოსტო გზავნილის მიღებასთან.

ტელეფონებსა და კომპიუტერებში არსებულ აპლიკაციებსა და ანგარიშებზე დააყენეთ ძლიერი პაროლი, ისარგებლეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის მეთოდით (2FA) და სისტემატიურად განაახლეთ აღნიშნული.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეძლებისდაგვარად გაუზიარეთ თქვენი ოჯახის წევრებს, მათი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 2421000 ან მოგვწეროთ სოციალურ ქსელებში.

მსგავსი სიახლეები