2023-10-03
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი და „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ ("EDPB") პლენარულ სხდომას დაესწრო და „ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ გენერალურ მდივანს შეხვდა
ქ. ბრიუსელში „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ ("EDPB") მორიგი პლენარული სხდომა გაიმართა, რომელზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, როგორც საბჭოს საქმიანობის სადამკვირვებლო სტატუსის მქონე მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო, სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა წარადგინა. საბჭოს რიგით 84-ე პლენარული სხდომა, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის“ აღსრულებას, "EDPB"-ის სამომავლო სტრატეგიის განხილვას, სხვადასხვა თემატიკაზე სახელმძღვანელო რეკომენდაციების მომზადებას დაეთმო.
ვიზიტის ფარგლებში ლელა ჯანაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა „ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ (“EDPS”) გენერალურ მდივანთან, ბატონ ლეონარდო სერვერა ნავასთან. შეხვედრაზე ლელა ჯანაშვილმა გენერალურ მდივანს გააცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის იმპლემენტაციის მხარდაჭერის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, აგრეთვე, საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის გასაძლიერებლად სამსახურის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობა. თავის მხრივ, გენერალურმა მდივანმა, ლეონარდო სერვერა ნავასმა ისაუბრა „ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ მიმდინარე აქტივობებზე და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
ასევე, ქ. ბრიუსელში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სახეწოდებით: „მონაცემთა დაცვა დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ ("Data-Protection in the Western Balkans and Eastern Partnership Region"). სამუშაო შეხვედრა საჯარო „მმართველობის რეგიონალური სკოლის“ (ReSPA), ევროკავშირისა და ეთგო-ს „მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების მხარდაჭერის“ პროგრამის (SIGMA/OECD), „რეგიონული თანამშრომლობის საბჭოს“ (RCC) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივითა და მხარდაჭერით, აგრეთვე, პროექტის - „REGIONAL PROJECTS ON RE-ENGINEERING OF PUBLIC SERVICES AND E-GOVERNANCE AND DIGITALISATION IN THE EAP“ ფარგლებში განხორციელდა. გამართულ შეხვედრებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური წარადგინეს სამსახურის უფროსის აპარატის უფროსმა — ნიკოლოზ პოპიაშვილმა და სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა — ანა თოხაძემ.
მონაწილე ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებმა განიხილეს მათი საკანონმდებლო რეგულირება, არსებული პრაქტიკა და მათ წინაშე არსებული გამოწვევები. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ ("EDPB") თავმჯდომარესთან, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველთან, „ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ გენერალური მდივანთან, ბელგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელთან, იტალიისა და ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსა და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ღონისძიების მონაწილეები ასევე წარდგნენ „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ ("EDPB") პლენარულ სხდომაზე, რომლის ფარგლებშიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო რეგულირებაზე, სამსახურის მანდატსა და საქმიანობაზე, აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.