2024-10-11
სამსახურმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით სამსახურის უფროსმა გახსნა .,,2014 წელს საქართველომ გაერთიანებული ერების „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, რითაც ქვეყანამ აღიარა შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და იკისრა რიგი ვალდებულებები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. კონვენციის მიხედვით, წევრი სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს შშმ პირთა უფლებების დაცვა საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვით. თავის მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ყოველწლიურად ამუშავებს სამოქმედო გეგმასა და აქტივობებს, რომელთა მიზანია შშმ პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა, ინკლუზიური გარემოს შექმნა და სამსახურის სერვისების ადაპტირება“- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
სამსახურის უფროსმა დამსწრე აუდიტორიას სამსახურის მიერ შემუშავებული შშმ პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა და მისი შესრულების პროცესები გააცნო. გეგმის თანახმად, სამსახურმა შეიმუშავა სარეკომენდაციო დოკუმენტი შშმ პირთა და მათი უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, გეგმური ინსპექტირების ფარგლებში შეისწავლა შშმ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, მოამზადა ბროშურა ბრაელის შრიფტით, გამოაქვეყნა პოდკასტების სერია შშმ პირთათთვის ადაპტირებული ფორმით, გადაამზადა სამსახურის თანამშრომლები შშმ პირებთან კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ და ასე შემდეგ.
ღონისძიებაზე შეკრებილი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე, მიმართეს: პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - მიხეილ სარჯველაძემ და სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
ღონისძიების მეორე ნაწილში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია წარადგინა. სახელმძღვანელო დაინტერესებულ პირებს შშმ პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პრაქტიკას, საერთაშორისო სასამართლოების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გადაწყვეტილებებსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ ინსტიტუციურ სიახლეებს სთავაზობს.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი საერთაშორისო პრაქტიკის განხილვას დაეთმო. სამსახურის მოწვევით, ვიადრინას ევროპული უნივერსიტერისა და შჩეცინის უნივერსიტეტის პროფესორმა არკადიუს ვუდარსკიმ მოხსენება წარადგინა თემაზე: - ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საკითხები პოლონეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე’’.