2023-10-21
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასამბლეის“ 45-ე შეხვედრის დახურული სესიის პანელს გაუწია მოდერაცია
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასამბლეის“ 45-ე შეხვედრის დახურული სესიის პანელს გაუწია მოდერაცია.
15-20 ოქტომბერს, ქ. ჰამილტონში (ბერმუდის კუნძულები) გამართული „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასამბლეის“ (GPA) 45-ე შეხვედრაზე გამართული დახურულის სესიის პანელს — „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ტრენდები: წინ გადადგმული ნაბიჯები“ მოდერაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა გაუწია. პანელი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში არსებული სიახლეების, გამოწვევებისა და ძირითადი ტენდენციების მიმოხილვას დაეთმო.
„ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ეპოქაში, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თვალსაზრისით, თანამედროვე ტენდენციებსა და გარკვეულ რისკებს ქმნის. მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში არსებული ტენდენციების საპასუხოდ შესაბამისი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. დღევანდელი პანელი წარმოადგენს ერთ-ერთ სადისკუსიო პლატფორმას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის პრაქტიკოსი იურისტებისა და აკადემიური წრის წარმომადგენელთა მონაწილეობით, სწორედ აღნიშნული ტენდენციების განხილვას, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დასაცავად შესაბამისი გარანტიების შექმნას დაეთმობა“. — აღნიშნა შესავალ სიტყვაში ლელა ჯანაშვილმა.
პანელის ფარგლებში მოხსენებით წარსდგნენ: იაპონიის პერსონალური მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს საერთაშორისო აკადემიური გაცვლის კომისარი, ჩუოს უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტ. კაორი იშიი; ვაშინგტონის შტატში დაფუძნებული გლობალური პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტ. გაბრიელა ზანფირ-ფორტუნა; მსოფლიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პემ დიქსონი; იტალიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს საერთაშორისო და ევროკავშირის საკითხებში სამსახურის უფროსი, ლუიჯი მონტუორი; კოლუმბიის უნივერსიტეტის ნეიროტექნოლოგიური ცენტრის დირექტორი და “US BRAIN” ინიციატივის დამფუძნებელი, პროფესორი, დოქტ. რაფაელ იუსტე.
წარდგენილი მოხსენებები დაეთმო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მის გავლენას ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე, „ჭკვიან ქალაქებს“ (smart cities), განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის — ნევროლოგიური მონაცემის დამუშავებას და სხვა თემატურ საკითხებს.
შეჯამებისას ლელა ჯანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა თითოეული თემატიკის აქტუალობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა საქმიანობისათვის, განსაკუთრებით კი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პერსპექტივიდან, ახალი კანონის იმპლემენტაციის მიზნებისათვის.