2023-11-03
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამუშაო შეხვედრა იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე, საქვეუწყებო დაწესებულების წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა გახსნეს.
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სიახლეები დამსწრე აუდიტორიას საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან კრაწაშვილმა, გეგმური ინსპექტირებების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო შამუგიამ, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შავლეგ თოდუამ და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჯონი ჩონიაძემ წარუდგინეს.
მომხსენებლებმა მიმოიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი , პორტირება, აუდიო და ვიდეომონიტორინგი მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ჯარიმების ცვლილება და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ინციდენტი და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულება და ა.შ
შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სსიპების: "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო", "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო", "აღსრულების ეროვნული ბიურო" , "საქართველოს ეროვნული არქივი", „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი” , "საქართველოს ნოტარიუსთა პალატა", "ციფრული მმართველობის სააგენტო", "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე", საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო", "იუსტიციის სახლი" წარმომადგებლები ესწრებოდნენ.
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის ივნისში მიიღო, მისი ძირითადი დებულებები კი ძალაში 2024 წლის 1 მარტიდან შედის.