2024-12-02
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (“EDPB”) პლენარულ სხდომას ესწრება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (“EDPB”) პლენარულ სხდომას ესწრება, რომელიც 2-3 დეკემბერს, ბრიუსელში იმართება.
რიგით 99-ე პლენარულ სხდომაზე საბჭო განიხილავს ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ 48-ე მუხლის ფარგლებში მესამე ქვეყნებში მონაცემთა გადაცემის შესახებ სახელმძღვანელო რეკომენდაციების მიღების საკითხს, აგრეთვე, საბჭოს ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რომელიც მონაცემთა დაცვისა და სამართლის ურთიერთმიმართებაზე მუშაობს. ასევე, სხვა საკითხებთან ერთად, სხდომა იმსჯელებს ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ მოქმედების შესახებ ევროკომისიის მეორე ანგარიშზე. სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ასევე წარმოადგენს სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ანა თოხაძე.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ საქმიანობაში მონაწილეობას დამკვირვებლის სტატუსით იღებს, რომელიც საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, 2023 წლის 20 ივნისს მიენიჭა. საბჭო არსებით როლს ასრულებს ევროკავშირის მასშტაბით პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციების ეფექტიან დაცვასა და მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა თანმიმდევრული, საუკეთესო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში; კერძოდ, იღებს სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე გადაწყვეტილებებს, აქვეყნებს მოსაზრებებს, კონსულტაციებს უწევს ევროკომისიას ევროკავშირში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ნებისმიერ საკითხზე, აგრეთვე, შეიმუშავებს სახელმძღვანელო პრინციპებსა და რეკომენდაციებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განაგრძობს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის იმპლემენტაციას.