ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-11-14

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით სექტორულ შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა გახსნა. კანონით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები კერძო კომპანიების წარმომადგენლებს კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჯაველიძემ, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პაატა ჯავახიშვილმა და უფროსმა იურისტმა ნინო ქათამაძემ, ასევე იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შავლეგ თოდუამ გააცნეს.
კერძო კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ ყველა იმ ცვლილებას, რომელთა ძირითადი ნაწილიც, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, 2024 წლის 1 მარტიდან შედის ძალაში. ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, რომლის გათვალისწინებაც სწორედ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის არის მნიშვნელოვანი ახალი კანონით დაკისრებული ვალდებულებების დანერგვის პროცესში. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა და პირდაპირი მარკეტინული მიზნებისთვის მონაცემების დამუშავებამ.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. კერძო კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, კონკრეტული ქეისების მაგალითებზე, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განეხილათ და კითხვებზე პასუხები მიეღოთ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კანონის იმპლემენტაციის პროცესში, დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მსურველებს, სატელეფონო ან პირისპირი კონსულტაციები გაუწიონ.
სექტორულ შეხვედრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები