ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-11-16

ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით მორიგი შეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საკრებულოს, მერიის, რაიონული გამგეობების, სისტემაში / დაქვემდებარებაში არსებული სსიპ -ების, არასამეწარმეო იურიდიული პირების საქვეუწყებო დაწესებულებების და სხვა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაიმართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამუშაო მორიგი შეხვედრა გამართა.
შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ქ. თბილისის საკრებულოს, ქ. თბილისის მერიის, რაიონული გამგეობების, სისტემაში / დაქვემდებარებაში არსებული სსიპ -ების, არასამეწარმეო იურიდიული პირების საქვეუწყებო დაწესებულებების და სხვა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა გახსნა.  
„ 2024 წლის პირველი მარტიდან ძალაში შედის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომელიც მოქმედი კანონისგან განსხვავებულად აწესრიგებს რიგ საკითხებს. სამსახურმა უკვე გამართა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები, მოვალაშიც აქტიურად გავაგრძელებთ და სამსახური ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის რომ კანონის ამოქმედებას ყველა საჯარო თუ კერძო ორგანიზაცია მზად შეხვდეს” - განაცხადა ოთარ ჩახუნაშვილმა.
 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ახალი რედაქციით შეცვლილი ტერმინების, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლების, პრინციპებისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან კრაწაშვილმა მიაწოდა.
აუდიო და ვიდეომონიტორინგის, მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტის, მონაცემთა აღრიცხვასა და სამსახურისთვის შეტყობინების შესახებ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შავლეგ თოდუამ ისაუბრა.
გეგმური ინსპექტირებების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო შამუგიამ, მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრისა და ჯარიმების ცვლილების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია.
ინციდენტისა და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულების შესახებ დეტალური ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ია ყიფიანმა წარუდგინა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ, დეტალურად განეხილათ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და კონკრეტული ქეისები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კანონის შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით სექტორულ და სხვადასხვა ფორმატით შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები