2023-11-24
ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ სექტორული შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართა
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მორიგი სექტორული შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია, ახალი კანონი კი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების ახალ წესებსა და სტანდარტებს განსაზღვრავს.
თანხმობის მოპოვება ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების პროცესში; მონაცემთა დამუშავების ახალი პრინციპები; სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და მონაცემების მინიმიზაცია; მოცულობითი ელექტრონული ბაზები; მომსახურების სივრცეების მოწყობა; არასრულწლოვნებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება - ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია სამსახურის საჯარო სექტორის, კერძო სექტორის, გეგმური ინსპექტირებისა და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტების უფროსებმა მიაწოდეს. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - ოთარ ჩახუნაშვილმა გახსნა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღო მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ჯანდაცვის სფეროდან შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების/არასამეწარმეო იურიდიული პირების/საქვეუწყებო დაწესებულებების და სხვა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სტრუქტურების წარმომადგენლები; ასევე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სადაზღვევო კომპანიების; კლინიკების; სტომატოლოგიური კლინიკების; ამბულატორიების; ლაბორატორიების; აფთიაქებისა და ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევა. სამსახურის მიზანია კანონის ამოქმედებას ყველა მონაცემთა დამმუშავებელი მომზადებული შეხვდეს.