2025-01-27
2025 წლის პირველი იანვრიდან ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტი ამოქმედდა
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ უზრუნველყოფილია მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის გარანტიები.
ზემოთხსენებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის დამუშავება დასაშვებია, თუ ამგვარი მონაცემები უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის მუშავდება. ნორმის მიზანია ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის ან მისი უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენა ან/და მართვა. ამავე ქვეპუნქტში მითითებულია ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომლის 83-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კოდექსით განსაზღვრული მიზნების მიღწევისთვის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციურ მექანიზმს ქმნის.