2024-04-17
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 2024 წლის 3 თვის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 2024 წლის 3 თვის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.
საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა მიიღო 666 განცხადება/შეტყობინება, რომელთაგან 601 (90%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო ორგანიზაციებში, 58 (9%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 7 (1%) — სამართალდამცავ ორგანოებში.
- მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება)
სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) 57 ფაქტზე. მათგან 42% (24) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 58% (33) — არაგეგმურად.
- გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 29 ფაქტი, მათგან 25 ფაქტი გამოვლენილ იქნა 2023 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული, ხოლო 4 ფაქტი — საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული შემოწმების (ინსპექტირების) საფუძველზე. 66% (19) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 34% (10) — საჯარო სექტორში, ხოლო 0% (0) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას.
- სამსახურის მიერ გაცემული დავალებები და რეკომენდაციები
სამსახურმა საჯარო დაწესებულებებისთვის და კერძო ორგანიზაციებისთვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისათვის გასცა 58 დავალება და რეკომენდაცია.
- სამსახურის მიერ გაცემული კონსულტაციები
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა როგორც ზეპირი (სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში), ასევე წერილობითი ფორმით 6781 კონსულტაცია გასცა.
- ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი
სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 13 შემთხვევაში გამოიყენა.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტი) თაობაზე მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან მიიღო 1 შეტყობინება.
სამსახურმა ჩაატარა 47 შეხვედრა 2635 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი წარმოადგენდა როგორც მონაცემთა სუბიექტს, ისე დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
ვრცლად https://pdps.ge/files/content/სამსახურის%203%20თვის%20საქმიანობის%20ანგარიში_იანვარი-მარტი_1713339507.pdf