date

2025-04-14

სამსახურმა 2025 წლის 3 თვის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 2025 წლის 3 თვის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.  

მოქალაქეთა მომართვიანობა

საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა მიიღო 260 განცხადება/შეტყობინება, რომელთაგან 187 (72%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო სექტორში, 28 (11%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 45 (17%) — სამართალდამცავ ორგანოებში.

მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება)

სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) 81 ფაქტზე. მათგან 42% (34) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 58% (47) — არაგეგმურად.

გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 123 ფაქტი, მათგან 88 ფაქტი გამოვლენილ იქნა 2024 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული, ხოლო 35 ფაქტი — საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული შემოწმების (ინსპექტირების) საფუძველზე. 76% (93) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 22% (27) — საჯარო დაწესებულებებში, ხოლო 2% (3) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას.

სამსახურის მიერ გაცემული დავალებები და  რეკომენდაციები

სამსახურმა საჯარო დაწესებულებებისთვის და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის გასცა 137 დავალება და რეკომენდაცია.

სამსახურის მიერ გაცემული კონსულტაციები

საანგარიშო პერიოდში სამსახურმა როგორც ზეპირი (სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში), ასევე წერილობითი ფორმით 2240 კონსულტაცია გასცა.

ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობის კონტროლი

სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 28 შემთხვევაში გამოიყენა, რომელთაგან 26 გამოწვეული იყო სასამართლოს განჩინების დაგვიანებით წარმოდგენით, ხოლო 2 - ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტით. 

საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტი) თაობაზე მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირებისგან მიიღო ჯამში 4 შეტყობინება.

მსგავსი სიახლეები