date

2025-05-16

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სიმპოზიუმზე“ მოხსნებით წარსდგა


12-16 მაისს, ვენეციაში ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სიმპოზიუმი“ (“Privacy Symposium 2024”) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა მოხსენება წარადგინა კონფერენციის ერთ-ერთ პანელურ სესიაზე: „ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ევროპულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება“. მოხსენების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე ევროპული კონფერენციის მასპინძლობის საკითხზე, „მონაცემთა დაცვის ევროპულ საბჭოსთან“ თანამშრომლობის ფორმატზე და სამსახურის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო აქტივობებზე. 

პანელური სესიის ფარგლებში ლელა ჯანაშვილმა მიმოიხილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე ევროპული კონფერენცია, ღონისძიების დღის წესრიგით გათვალისწინებული სადისკუსიო თემები, ასევე, კოლეგებს გაუზიარა ინფორმაცია კონფერენციის მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მიღებული რეზოლუციის შესახებ. მოხსენებაში მან ასევე აღნიშნა, რომ სამსახურის ორენოვანი, საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიის მქონე, სამეცნიერო გამოცემის ― „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ მომდევნო ნომერი 33-ე ევროპულ კონფერენციას მიეძღვნება, რომელშიც სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების შესაძლებლობა ღონისძიების მონაწილე პირებს, პანელური დისკუსიის მომხსენებლებსა და მოდერატორებს შეეძლებათ. „საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის დიდი პატივი იყო ბათუმში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე ევროპული კონფერენციის (ე.წ. „საგაზაფხულო კონფერენციის“) მასპინძლობა. პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარგის აქტუალური ტენდენციების გათვალისწინებით, წლევანდელი კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავდა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც გახლავთ: ეროვნული მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის, ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტისა და ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის ჩარჩო კონვენციის ურთიერთმიმართება ინოვაციების საკანონმდებლო მოწესრიგებასთან; არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემთა დაცვის სირთულეები ხელოვნური ინტელექტით მართულ სამყაროში; სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების გავლენა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების საქმიანობა და მონაცემთა დაცვის თანამედროვე გამოწვევები; მცირე ზომის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა საქმიანობის სტრატეგია „მსხვილ“ საქმეებთან გასამკლავებლად; საერთაშორისო თანამშრომლობა, როგორც საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი. ამ და სხვა აქტუალურ  საკითხებზე დისკუსიით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტების გაღრმავებას და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას.“ ― აღნიშნა მოხსენებაში ლელა ჯანაშვილმა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ლელა ჯანაშვილმა სიმპოზიუმის მონაწილე პირებს გაუზიარა ინფორმაცია სამსახურის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში უწყება კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას ― ტელეკომუნიკაციების სფეროში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის, ე. წ. „ბერლინის სამუშაო ჯგუფის“ 75-ე შეხვედრას უმასპინძლებს. 


პანელური სესიის დასასრულს გაიმართა დისკუსია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებსა და მონაცემთა დაცვის უკეთესი გარანტიების შექმნის მიზნით მათი საქმიანობის სამოქმედო სტრატეგიაზე.

გაცნობებთ, რომ „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სიმპოზიუმი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში მოქმედი ერთ-ერთი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს დარგის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო დისკუსიის წარმართვასა და დარგის წარმომადგენელთა საერთაშორისო გაერთიანების ჩამოყალიბებას. საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად, ღონისძიებაში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარგის მოწინავე ექსპერტები. სიმპოზიუმზე განიხილება მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, თანამედროვე მიდგომები და  საერთაშორისო ტენდენციები.

მსგავსი სიახლეები