ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-05-27

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად თენგიზ მამულია დაინიშნა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად თენგიზ მამულია დაინიშნა.

თენგიზ მამულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის რამდენიმე სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში საქმიანობდა, რის ფარგლებშიც უშუალოდ მონაწილეობდა სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესების კანონიერების შემოწმების და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაცემის პროცესში, ასევე, აქტიურად იყო ჩართული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სამსახურის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.

 შეგახსენებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალმა კანონმა საჯარო დაწესებულებებს და რიგ კერძო ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ან განსაზღვრის ვალდებულება დაუწესა. აღნიშნული სიახლე ძალაში 1 ივნისიდან შედის.

კანონის თანახმად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა და დამუშავებაზე უფლებამოსილმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ მათ მიერ დანიშნული/განსაზღვრული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სათანადო ჩართულობა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უზრუნველყონ იგი შესაბამისი რესურსებით, აგრეთვე უზრუნველყონ მისი დამოუკიდებლობა საქმიანობის განხორციელებისას.

კანონის თანახმად:

  •  ოფიცერი ანგარიშვალდებული უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი დონის მმართველობის სტრუქტურის წინაშე;
  •  ოფიცერს უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა მონაცემთა დაცვის სფეროში;
  •  ოფიცრისთვის სხვა ფუნქციების შეთავსების შემთხვევაში, სახეზე არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტი. 

ორგანიზაციის მიერ დანიშნულმა/განსაზღვრულმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა უნდა უზრუნველყოს:

  •  ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლებისთვის მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა;
  • მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობა, ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობისა და შიდაორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;
  • ორგანიზაციის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღება და ორგანიზაციის წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში;
  • მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის ორგანიზაციის მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ორგზანიზაციის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის განსაზღვრის/დანიშვნის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული ბმული https://pdps.ge/.../personalur-monacemTa-dacvis-oficris..

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები