გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-07-03
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიმდინარე წლის 2-3 ივლისს „ტექნოლოგიის მიმართულებით მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის“ („ბერლინის სამუშაო ჯგუფი“, ‘’IWGDPT“) რიგით 75-ე შეხვედრას უმასპინძლა. ორდღიანი ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა ტექნოლოგიურ პროგრესის პარალელურად პერსონალურ მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე ტენდენციებზე.
ბერლინის სამუშაო ჯგუფის წევრებს, ჯგუფის თავმჯდომარის რანგში მისასალმებელი სიტყვით, ასევე, მიმართა გერმანიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს, ტექნოლოგიურ მონაცემთა დაცვის დანაყოფის უფროსმა, პროფესორმა იენს ბენდერმა.
შეხვედრას 14 ქვეყნის, ასევე ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველისა (EDPS) და ელექტრონული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საინფორმაციო ცენტრის (EPIC) 25 წარმომადგენელი დაესწრო.
განსახილველი საკითხები შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე გამოწვევებს და სიახლეებს რომელთა შორისაა: ნეირომონაცემები, 6G ტექნოლოგია, ციფრული იდენტობა, და სხვა.
შეხვედრის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ პოპიაშვილმა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ -ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმარებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დიმიტრი გუგუნავამ ისაუბრეს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესში, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - MY.GOV.GE მაგალითზე.
მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოთა წარმომადგენლებმა პრაქტიკის გაზიარების მიზნით, წარადგინეს სპეციალური ანგარიშები, რომლებიც შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ სიახლეებს.
„ბერლინის სამუშაო ჯგუფის“ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება.
ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა შეაჯამა, მან ასევე აღნიშნა, რომ სამსახურის სამეცნიერო ჟურნალის მომდევნო ნომერი ბერლინის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მიეძღვნება.
ტექნოლოგიების მიმართულებით მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, ე. წ. „ბერლინის ჯგუფი“ 1983 წელს შეიქმნა. მისი მიზანია შეიმუშაოს სხვადასხვა რეკომენდაცია ტექნოლოგიის, ინტერნეტის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების გასაუმჯობესებლად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გარდა, ჯგუფი აერთიანებს სხვადასხვა საჯარო უწყებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პერსონალურ მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სფეროს ინდივიდუალურ ექსპერტებს მსოფლიოს მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 21 მარტიდან საქართველოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო „ბერლინის ჯგუფის“ სრულუფლებიანი წევრია და ყოველწლიურად მონაწილეობს ჯგუფის სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის განხილვას ეთმობა.