date

2025-08-01

სახალხო დამცველის აპარატმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს  შორის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის პროექტის ,,საქართველოს სახალხო დამცველის მხარდაჭერა” ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა. ლელა ჯანაშვილმა ხაზი გაუსვა ამ ორ ინსტიტუციას შორის პარტნიორობის მნიშვნელობასა და ადამიანის უფლებათა დაცვის, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის აუცილებლობას.

შეხვედრის ფარგლებში სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ, ისაუბრა სახალხო დამცველის მანდატზე, მისი უფლებამოსილების განხორციელების სპეციფიკასა და  თავისებურებებზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ოთარ ჩახუნაშვილმა, წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „უწყების უფლებამოსილების განხორციელების თავისებურებები: პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა საქართველოში; 2024 წლის ძირითადი მიგნებები და ტენდენციები“.

შეხვედრის ფარგლებში სამსახურის თანამშრომლებმა განიხილეს პერსონალური მონაცემების დამუშავების ძირითადი ტენდენციები საჯარო, კერძო და სამართალდამცავ სექტორებში. 

სამუშაო შეხვედრის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა განიხილეს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და მომავალი ერთობლივი ინიციატივების პერსპექტივები.

მსგავსი სიახლეები