date

2025-09-15

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული რჩევები პერსონალური მონაცემების დასაცავად


სექტემბერი ახალი თავგადასავლების დასაწყისია, რაც სკოლაში დაბრუნებასთან, მეგობრებთან შეხვედრასა და ცოდნის მიღებასთანაა დაკავშირებული. თუმცა, ამასთან ერთად იზრდება თითოეული მოსწავლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მასშტაბი, მონაცემთა დამმუშავებლების რიცხვი და შესაბამისად, მონაცემთა არასათანადო დამუშავების რისკები.

 საგანმანათლებლო დაწესებულება

 

მონაცემების დამუშავება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ კანონის შესაბამისად  უნდა განხორციელდეს.

დაწესებულება ვალდებულია:

  • მოსწავლის შესახებ პერსონალური მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიო და კანონით განსაზღვრული მიზნებისთვის;
  • შეაგროვოს მხოლოდ ის მონაცემები, რაც აუცილებელია სასწავლო პროცესისა და ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად;
  • დაიცვას მონაცემები უნებართვო წვდომისგან, დაკარგვისა თუ უკანონო გამჟღავნებისგან;
  • უზრუნველყოს, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ჰქონდეთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს;
  • მშობლებს და თავად არასრულწლოვანებს გაუზიაროს ინფორმაცია, თუ რატომ და როგორ ხდება მათი მონაცემების დამუშავება;
  • უზრუნველყოს მონაცემთა დაცვის კულტურის დანერგვა პედაგოგებში, სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეებში.

ბოლო წლებში საგრძნობლად გახშირდა ჩატებისა და მობილურ აპლიკაციებზე დაფუძნებული ჯგუფების გამოყენება მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნით. თუმცა, მიუხედავად კომუნიკაციის სიმარტივისა, აუცილებელია გარკვეული ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დაცვა, რათა ბავშვების პირადი ინფორმაცია  იყოს ხელშეუხებელი.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ სკოლის ჩატებში არ მოხდეს მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, ქცევის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ოჯახური გარემოს — საჯაროდ განხილვა. მსგავსი ინფორმაცია კონფიდენციალურია და მის გაზიარებას მშობლის და საჭიროების შემთხვევაში თავად ბავშვის თანხმობა უნდა ახლდეს.

გარდა ამისა, დაუშვებელია კონკრეტული მოსწავლის ქცევითი ან აკადემიური საკითხების საჯაროდ განხილვა მშობელთა კრებებზე.  

ასეთი შემთხვევები, გარდა ეთიკური პრობლემებისა, შეიძლება იწვევდეს ბავშვის სტიგმატიზაციას, გარიყვას ან ფსიქოლოგიურ სტრესს, რაც საბოლოოდ უარყოფით ზეგავლენას ახდენს მის განვითარებასა და განათლებაზე.

სკოლებმა და მასწავლებლებმა უნდა მიიღონ შესაბამისი პროტოკოლები და გაითვალისწინონ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა, რომელიც მოსწავლეთა პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებას ეხება.

შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დანიშნონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელმაც სკოლაში მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პროცესები  კანონის შესაბამისად უნდა წარმართოს.

 

მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი

თუ თქვენ არასრულწლოვნის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი ხართ, გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რა სახის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს და ამუშავებს სკოლა, რა მიზნებისთვის ხდება მათი გამოყენება და უსაფრთხოების რა ზომებია მიღებული.

ასევე, თქვენ გაქვთ უფლება განაცხადოთ თანხმობა ან უარი თქვათ არასრულწლოვანთა ფოტო-ვიდეო გადაღებაზე, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

 

არასრულწლოვანის ფოტო -ვიდეო გადაღება

სასწავლო წლის დაწყების დღეს სოციალურ ქსელებში არასრულწლოვანთა უამრავი ფოტოსურათი ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში მას თან ახლავს აღწერილობები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას არასრულწლოვანთა შესახებ (მაგალითად, სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულება, ასაკი, კლასი, გეოგრაფიული მდებარეობა და სხვა).

 

არასრულწლოვნები უფლებამოსილნი არიან, უარი განაცხადონ ფოტოს ან ვიდეოს გადაღებაზე ან მათი ფოტოსურათის სოციალურ მედიაში გაზიარებაზე, რამდენადაც ფოტოსურათი მათ პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები:

  • უმჯობესია არასრულწლოვნის ფოტოსურათები მხოლოდ ვიწრო წრესთან გაზიარდეს (მაგალითად, დახურულ ჯგუფში ან პირად მიმოწერაში);
  • თუ კადრში სხვა არასრულწლოვანებიც ხვდებიან, მნიშვნელოვანია მათი და მათი მშობლებისგან თანხმობის მიღება. 16 წელს მიღწეულ პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ თანხმობის გაცემა ფოტო და ვიდეოგადაღებაზე და აღნიშნულ შემთხვევაში მშობლის თანხმობის მიღება  საჭირო არ არის.

თუ ფოტოს გადაღება ხდება სკოლის წარმომადგენლების მხრიდან, მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ საკანონმდებლო მოთხოვნათა გათვალისწინებით მოიპოვოს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, როგორც მოსწავლეთა ფოტოების გადაღებაზე, ისე  მათ გასაჯაროებაზე.

არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ-ერთ მთავარ  პრიორიტეტს წარმოადგენს.
 

თუ გაქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ირღვევა თქვენი ან თქვენი არასრულწლოვანი შვილის უფლებები მომართეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

მსგავსი სიახლეები