date

2025-09-24

სამსახურმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გამართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. 

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით  ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა გახსნეს.
ლელა ჯანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ სამსახურის მიზანია მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვა. ამის უზრუნველსაყოფად უწყება აქტიურად ახორციელებს კონსულტაციებსა და ტრენინგებს.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, მონაცემთა დამუშავების პროცესები სრულად შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს და ამასთან, სუბიექტის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთავაზობთ კერძო სექტორს სხვადასხვა ფორმატის მხარდაჭერასა და პრაქტიკულ კონსულტაციებს,“ — აღნიშნა ლელა ჯანაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ პოპიაშვილმა, დამსწრე აუდიტორიას დეტალურად გააცნო ის საკონსულტაციო სერვისები, რომელსაც სამსახური მოქალაქეებს და ორგანიზაციებს სთავაზობს. მათ შორისაა სატელეფონო კონსულტაციები, პირისპირ შეხვედრები იურისტებთან და მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, რეგიონული ტრენინგები და სხვა.

ამასთან, აპარატის ხელმძღვანელმა წარადგინა ინოვაციური ონლაინ პლატფორმა — „ციფრული მრჩეველი“, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, პრაქტიკული სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაში. ,,ციფრული მრჩეველის“ მიზანია  ხელი შეუწყოს კერძო სექტორს მონაცემთა დამუშავების ძირითადი სამართლებრივი ასპექტების მოწესრიგებაში. ასევე, ნიკოლოზ პოპიაშვილმა ისაუბრა სამსახურის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებზე, რომლებიც განთავსებულია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეხვედრის მეორე ნაწილში, კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შავლეგ თოდუამ, ასოციაციის წევრებს გააცნო ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რომელიც მონაცემთა დამუშავების პროცესის აღრიცხვას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას ეხება.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია და დისკუსია.

ღონისძიებას ბიზნეს ასოციაციის დაახლოებით 100 წევრი დაესწრო.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები