date

2025-09-24

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის კონფერენციაში (GPA) მონაწილეობა მიიღეს


2025 წლის 15-19 სექტემბერს, კორეის რეპუბლიკაში, ქ. სეულში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის (GPA) რიგით 47-ე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ესწრებოდნენ: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი, სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ პოპიაშვილი.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის სამართლებრივი ჩარჩო, არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვა, აგრეთვე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველსაყოფად თანამედროვე მიდგომები და საუკეთესო პრაქტიკა. ღონისძიების ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ახალი წევრების აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ასამბლეის 47-ე ღონისძიებაზე მონაწილეებს ასევე წარედგინათ GPA-ის სამუშაო ჯგუფების წლიური ანგარიშები, რომლის ფარგლებშიც სამსახურის უფროსმა, როგორც ასამბლეის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის ― “Data Protection Metrics Working Group“ თანათავმჯდომარემ, ისაუბრა პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და სტრატეგიულ გეგმებზე.

ღონისძიების პარალელურად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, პირველმა მოადგილემ და სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა სამუშაო შეხვედრები გამართეს ასამბლეის სამდივნოსთან, მონაცემთა დაცვის ევროპულ საბჭოსა (EDPB) და გაერთიანებული სამეფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (ICO) წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და ინიციატივები საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის წევრთა ფარული კენჭისყრის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ― ლელა ჯანაშვილი აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული. არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის იყვნენ ბრაზილიისა და კანადის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები. კომიტეტის ახალ წევრთა შესარჩევი პროცესი მოიცავდა კანდიდატთა მიერ სამოტივაციო განაცხადისა და ასამბლეის სტრატეგიული განვითარების შესახებ ხედვის წარდგენას. ასამბლეის სამომავლო განვითარების ხედვასა და მომდევნო წლების სტრატეგიული ამოცანების განხორციელების შესახებ მუშაობას აღმასრულებელი კომიტეტი ახალი შემადგენლობით მომდევნო წლიდან გააგრძელებს.

დამატებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მეორედ გახდა GPA-ის ფარგლებში დაფუძნებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით წარდგენილი საუკეთესო ინიციატივების შეფასების კომიტეტის წევრი. აღნიშნული ინიციატივის მიზანია საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით გამორჩეული ინიციატივის გამოვლენა. კომიტეტის წევრები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელი, შეაფასებენ მონაწილეთა მიერ გაზიარებულ ინიციატივებს, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულ პირებს/ორგანიზაციებს გადაეცემათ ჯილდო.

ამასთან, ასამბლეის 47-ე ღონისძიების პარალელურად, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, ხელი მოეწერა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და  ბრაზილიის ეროვნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც უწყებებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ახალ შესაძლებლობებსა და აქტივობებს ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში წამყვან საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს. იგი აერთიანებს ამ სფეროში მოქმედ 130-ზე მეტ წევრ საზედამხედველო ორგანოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. GPA-ის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სხვადასხვა ორგანოს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება. 

 

მსგავსი სიახლეები