გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-10-23
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი მალტაში, Europol-ის მონაცემთა დაცვის ექსპერტთა ქსელის (EDEN) მე-15 კონფერენციას დაესწრო. ღონისძიება 21-22 ოქტომბერს, ქ. ვალეტაში გაიმართა.
კონფერენცია ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც სამართალდამცავ სფეროში მონაცემთა დაცვის საკითხებს განიხილავს. ღონისძიებას დაესწრნენ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ხელმძღვანელები, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, მონაცემთა დაცვის ოფიცრები, Europol-ის მონაცემთა დაცვის ექსპერტთა ქსელის (EDEN-ის) წევრები და აკადემიური წრის წარმომადგენლები.
კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამართალდამცავ საქმიანობაში მონაცემთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე გამოწვევების განხილვა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე, მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლება.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის ხელმძღვანელმა პირების დამსწრე პირებს მოხსენებები წარუდგინეს არსებული ძირითადი ტენდენციების შესახებ. პანელური დისკუსიების დროს ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხებს:
• სამართალდამცავ სფეროში მონაცემთა შენახვის სტანდარტი;
• ციფრულ სამყაროში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პერსონალური მონაცემების დაცვა;
• მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლი სამართალდამცავ საქმიანობაში;
• ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და სამართლებრივი სტანდარტები;
• სახის ამოცნობის სისტემისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხი სამართალდამცავ საქმიანობაში და სხვა.
კონფერენციის მიმდინარე წლის ძირითად თემად განისაზღვრა: „წითელი შუქი, მწვანე შუქი – გაადვილე სირთულეები, გაზარდე სისწრაფე, დაიცავი ევროკავშირის ღირებულებები“ (“Red Light, Green Light! Reduce Complexity, Increase Speed, Defend EU Values“,) რაც ასახავს Europol-ის სტრატეგიულ მიზანს სამართალდამცავ საქმიანობაში ოპერაციული მოქნილობის, რეგულაციური სიზუსტის უზრუნველყოფისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით. სახელწოდება შთაგონებულია მონაცემთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში ფართოდ გამოყენებული ტერმინებით და ხაზს უსვამს მონაცემებზე მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკულ შედეგებს თანამედროვე გამოწვევების პირობებში.