ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-11-26

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა „ტექნოლოგიის მიმართულებით მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა „ტექნოლოგიის მიმართულებით მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის“ („ბერლინის სამუშაო ჯგუფი“, IWGDPT)  რიგით 74-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის (EDPS) მასპინძლობით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის შენობაში გაიმართა.

შეხვედრებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს წარმოადგენდნენ არჩილ ჯაველიძე - კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ბექა მელაძე - კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი, ნინო ხუბულია - საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივ საკითხთა კოორდინატორი და ნინო ცაგარეიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მკვლევარ-ანალიტიკოსი.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ციფრული იდენტობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; ნეიროსიმბოლური ხელოვნური ინტელექტი; ნეირომონაცემების დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; მანქანური სწავლება და ა.შ.

„ბერლინის სამუშაო ჯგუფის“ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება გაეზიარებინათ. შეხვედრაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოთა, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა, პრაქტიკის გაზიარების მიზნით, წარადგინეს სპეციალური ანგარიშები, რომლებიც მოიცავდა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებულ სიახლეებს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური  „ბერლინის ჯგუფის“ რიგით 75-ე შეხვედრას უმასპინძლებს, რომელზეც პერსონალურ მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის არსებული გამოწვევები და ტენდენციები განიხილება.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები