2024-12-19
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი თურქეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელს, ფარუკ ბილირს შეხვდა
18 დეკემბერს, ანკარაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და თურქეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სამსახურის უფროსი - ლელა ჯანაშვილი თურქეთის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელს - ფარულ ბილირს შეხვდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ანა თოხაძე, თურქეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ექსპერტი - აჰმეთ სონმეზი, ასევე, ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი - ტუბა კენიდრი და უწყების სხვა თანამშრომლები.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატზე, საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონით გათვალისწინებულ ინსტიტუტებზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და სამსახურის ინსტიტუციური განვითარების სამომავლო გეგმაზე. ლელა ჯანაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ორ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს: პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა ევროპულ კონფერენციასა (ე.წ. „საგაზაფხულო კონფერენცია“) და „ტექნოლოგიის მიმართულებით მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის“ (ე.წ. „ბერლინის სამუშაო ჯგუფის“) შეხვედრას. შესაბამისად, სამსახურისათვის 2025 წელი მნიშვნელოვანია კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერისა და გაღრმავების თვალსაზრისით.
თავის მხრივ, თურქეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს უფროსმა, ფარულ ბილირმა ისაუბრა უწყების მანდატისა და საქმიანობის შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ერთობლივი ღონისძიებების გამართვისა და უწყებათაშორისი სამუშაო პლატფორმის შექმნის მიზნით, მხარეები უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.