2025-01-28
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე სამსახურმა ღონისძიებით აღნიშნა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ღონისძიებით აღნიშნა.
ღონისძიებას სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა ორი სპეციალური ანგარიში წარადგინა:
• პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტის დანერგვის მიზნით 2022-2024 წლებში სამსახურის მიერ განხორციელებული საუკეთესო აქტივობების შესახებ;
• ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლიმენტაციის თაობაზე.
ასევე, ლელა ჯანაშვილმა წარადგინა სამსახურის მიერ შემუშავებული ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ლექსიკონი’’, რომელშიც გადმოცემულია მონაცემთა დაცვის სამართლის ძირითადი ცნებები და მათი განმარტებები. ლექსიკონი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი პრაქტიკის გაუმჯობესებას, ასევე საზოგადოების ფართო წრის ინფორმირებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ძირითადი ტერმინების შინაარსთან დაკავშირებით.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ტესტებისა და კაზუსების კრებულის პრეზენტაციაც.
გარდა ამისა, სამსახურის უფროსმა წარადგინა სამსახურის მიერ შექმნილი აპლიკაცია ,,ციფრული მრჩეველის“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლით სარგებლობაც დაინტერესებულ პირებს სამსახურის ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ.
ღონისძიების მეორე ნაწილში, გერმანიის სოციალურ საკითხთა ფედერალური სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, სამსახურის ორენოვანი, პერიოდული, სამეცნიერო გამოცემის - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ სარედაქციო კოლეგიის წევრმა და მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა - ნორბერტ ბერნსდორფმა ონლაინ ფორმატში დამსწრე აუდიტორიისთვის ლექცია ჩაატარა.