2024-03-22
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგების ციკლი დაიწყო
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონის სკოლებში სამსახურმა ტრენინგების ციკლი დაიწყო.
შეხვედრები მარნეულის N1 საჯარო სკოლისა და მარნეულში მდებარე ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის 60-მდე მოსწავლესთან გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებს, ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, საინფორმაციო ლექცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ექსპერტმა განათლების საკითხებში- თამარ აბაზაძემ, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სპეციალისტმა - ელშად ახვერდოვმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა - საბა ელიზბარაშვილმა ჩაუტარეს.
შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს- რა პერსონალური მონაცემები მუშავდება სკოლაში, სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა სივრცეებში. გაიგეს, რა შემთხვევებშია აღნიშნული მონაცემების დამუშავება კანონის შესაბამისი და მისი საწინააღმდეგო.
ტრენინგები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა შეკითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით დასვეს.
საგანმანათლებლო სფერო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ქვემო ქართლის მხარეში, ტრენინგების, მათ შორის აზერბაიჯანულ ენაზე ჩატარება, მოსწავლეებში მონაცემთა დაცვის კულტურის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.