ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-04-04

ახალგაზრდებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საჯარო და კერძო სკოლების 300-მდე მოსწავლესთან საინფორმაციო-შემეცნებითი ლექციები ჩატარდა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახალგაზრდებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო-შემეცნებითი ლექციების ჩატარებას აქტიურად აგრძელებს.

ამჯერად, შეხვედრები საჯარო და კერძო სკოლების 300-მდე მოსწავლესთან გაიმართა.

  •  სამსახურის თანამშრომლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაცია თბილისის 213-ე, 106-ე, 147-ე და 72-ე საჯარო სკოლის, ასევე, მცხეთის N1 საჯარო სკოლის მოსწვლეებს მიაწოდეს.
  •  ონლაინ ფორმატში გაიმართა შეხვედრა ფოთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
  •  ტრენინგი ჩატარდა კერძო სკოლა ბრიტანიკასა და ათწლეულის სკოლაში.

შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე გამახვილდა. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, თუ რომელი მონაცემები მუშავდება სკოლაში, სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა სივრცეებში დღის განმავლობაში. გაიგეს რა შემთხვევებშია აღნიშნული მონაცემების დამუშავება კანონის შესაბამისი და შეუსაბამო.

ლექციები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა შეკითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით დასვეს.

საგანმანათლებლო სფერო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ერთის მხრივ, მოსწავლეთა პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა და მეორეს მხრივ თავად მოსწავლეებში მონაცემთა დაცვის კულტურის განმტკიცებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამ მიზნით სამსახური სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მუდმივად ატარებს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები