2024-04-23
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის მონაცემთა დაცვის ოფიცრების 4 დღიანი ტრენინგ-კურსი დაიწყო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის მონაცემთა დაცვის ოფიცრების 4 დღიანი ტრენინგ-კურსი დაიწყო.
20 საათიანი სალექციო კურსი ორ ნაკადად მიმდინარეობს და შემდეგ საკითხებს მოიცავს: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია - მოვალეობები, დამოუკიდებლობა და ინტერესთა კონფლიქტის აღკვეთა, მათი საქმიანობის ძირითადი პრინციპები და კომპეტენცია. ასევე სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონიდან.
წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ, კურსს კერძო სექტორის 80 წარმომადგენელი ესწრება. შემდეგი თარიღების შესახებ ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.
გარდა ამისა, დაგეგმილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების ტრენინგ კურსი საჯარო სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვისაც ამ უწყებებთან კომუნიკაციის ფარგლებში.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ცნობა ტრენინგზე დასწრების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალმა კანონმა საჯარო დაწესებულებებსა და რიგ კერძო ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ან განსაზღვრის ვალდებულება დაუწესა. აღნიშნული სიახლე ძალაში 1 ივნისიდან შედის.