. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2024-12-12
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მიზნად ისახავს პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებების დაცვას. მონაცემთა სუბიექტი აღჭურვილია კანონით გარანტირებული, სამართლებრივი დაცვის საშუალებებით. ახალი კანონი აწესებს მოთხოვნებს, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირებისთვის „დაადგინონ უფლების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, მათ შორის, ბავშვსა და მის კანონიერ წარმომადგენელს შორის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობის არსებობის დროს ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭებით“20. ახალი კანონმდებლობით მონაცემთა სუბიექტისთვის მინიჭებულია მონაცემთა პორტირების უფლება და უარის საშუალება, დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებული საშუალებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც მიზნად ისახავს საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე მონაცემთა სუბიექტის კონტროლის გაძლიერებას. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული მონაცემებზე წვდომის უფლებასთან.
20 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მიღების თარიღი: 14/06/2023, მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი.
ინფორმაციის მიღების უფლება უშუალოდ მიემართება მონაცემთა სუბიექტის ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების რეალიზაციას, როგორებიცაა: მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, თანხმობის უკან გამოთხოვა თუ გასაჩივრება.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს აღნიშნული მონაცემების ასლები. ინფორმაციის მოთხოვნისა და ასლის მიღების უფლების მიზანია, მიაწოდოს მონაცემთა სუბიექტებს საკმარისი, გამჭვირვალე და ადვილად ხელმისაწვდომი ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რათა იცოდეს და განსაზღვროს დამუშავების კანონიერება და დამუშავებული მონაცემების სიზუსტე.
მონაცემების გაცნობა ან/და მათი ასლების მიღება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს 10 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
პოზიტიურ ტენდენციად უნდა ჩაითვალოს გარემოება, რომ წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოქალაქეთა განცხადება/საჩივრებით მომართვის მაჩვენებელი და რამდენიმე განცხადების შესწავლის ფარგლებში არ დადგინდა ინფორმირების წესების დარღვევის ფაქტები:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „დაცვის პოლიციის დეპარტამენტი“
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მოქალაქის განცხადების საფუძველზე შეისწავლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის“ მიერ მისი ინფორმირების წესების დარღვევის საკითხი.
განმცხადებელი გამოსაცდელი ვადით იყო დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებული. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, იგი გათავისუფლდა სამსახურიდან. მან დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ელექტრონული ფოსტის საშუალებით განცხადებით მიმართა და მოითხოვა თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, თუმცა არ წარუდგენია საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან თავისი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი სხვა ინფორმაცია.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა (ვინაიდან განცხადების მიხედვით, უწყებისთვის სხვა საკონტაქტო ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო), განმცხადებელს ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაუგზავნა საპასუხო კორესპონდენცია, რომლითაც მოსთხოვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. საკითხის გადაწყვეტა მოითხოვდა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისგან ინფორმაციის მიღებას, რის გამოც აღნიშნული წერილი უწყებამ გაგზავნა მე-10 სამუშაო დღეს. შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ხსენებული წერილი განმცხადებელმა თავის ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღო, თუმცა არ წაუკითხავს, რის გამოცმოთხოვნილი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია დამატებით არ წარუდგენია დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის.
შესწავლის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებული იყო განეხილა განმცხადებლის განცხადება, რადგან იგი უკავშირდებოდა მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების საკითხს. ამისათვის აუცილებელი იყო კონკრეტული პირის იდენტიფიცირება. მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტის გათვალისწინებით, პირის იდენტიფიცირების მიზნით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვერ დაეყრდნობოდა მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართში მითითებულ მონაცემებს და დაცვის პოლიციის მხრიდან მონაცემთა სუბიექტისთვის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების/დოკუმენტაციის მოთხოვნა კანონშესაბამისად შეფასდა. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან პასუხის აღნიშნულ ვადაში გაგზავნას არსებითი გავლენა არ მოუხდენია მონაცემთა სუბიექტის უფლებებზე, რადგან, როგორც გამოირკვა, განმცხადებელი უწყებისგან მიღებულ სახარვეზო წერილს არ გასცნობია. შესაბამისად, ხარვეზის გასწორებისა და პირის იდენტიფიცირების გარეშე ძირითადი მოთხოვნა ვერ განიხილებოდა.
არსებული ხარვეზის შესახებ კორესპონდენციის მე-10 სამუშაო დღეს გაგზავნასთან დაკავშირებით, უწყებამ განმარტა, რომ აღნიშნული პროცესი - არასამუშაო და უქმე დღეებისა და იმის გათვალისწინებით, რომ კონსულტაციას გადიოდა სამინისტროს ადმინისტრაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილებასთან ობიექტურად გაჭიანურდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიიჩნია: უწყებას განცხადების მიღების შემდეგ, დამატებითი კონსულტაციების გამართვის გარეშე ან აღნიშნულის პარალელურად, დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე ეცნობებინა მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული და სავალდებულო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიეცა რეკომენდაცია. დამატებით, დაევალა განმცხადებლისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის კანონით დადგენილ ვადაში მიწოდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო) მიერ დისციპლინური წარმოებისას გამოსაკითხი პირების მონაცემების დამუშავების პროპორციულობის კანონიერების გეგმურად შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სამინისტრო მონაცემთა სუბიექტთა ინფორმირებისთვის იყენებდა მხოლოდ ახსნა-განმარტების ოქმში მითითებულ ჩანაწერს „შემოწმების მიმდინარეობისას კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით მუშავდება მისი პერსონალური მონაცემი“. სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, სხვა ფორმით მონაცემების დამუშავების თაობაზე მონაცემთა სუბიექტების ინფორმირება არ ხდებოდა.
გეგმური შემოწმების ფარგლებში, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, რომ გადაცდომის სავარაუდო ჩამდენის მხრიდან საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, გადასცენ საქმის მასალის ასლები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 92-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს დისციპლინური წარმოების საქმის მასალების გაცნობა) შესაბამისად. თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფენ საქმის მასალების ადგილზე გაცნობას, ვინაიდან, სამინისტროს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მხრიდან მხოლოდ მასალების გაცნობის უფლებას.
სამსახურმა არ გაიზიარა სამინისტროს მითითება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 92-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებულია სპეციალური კანონით - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ - რომლითაც დეტალურად არის გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების საკითხი, მათ შორის - აღნიშნული უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელმა უნდა იხელმძღვანელოს ხსენებული სპეციალური კანონით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხოლოდ ამ კანონით დადგენილი რეგულაციის ფარგლებში გადაწყვიტოს მოთხოვნის დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილების საკითხი.
ამდენად, მიზანშეწონილია, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მონაცემთა სუბიექტის უფლებათა შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა/არარსებობის საკითხი შეფასდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში და, შესაბამის ნორმაზე მითითებით, საკუთარი უფლების შეზღუდვის შესახებ იმგვარად ეცნობოს განმცხადებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.
თავდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში, მონაცემების უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან შეგროვების პროცესში, მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზების უზრუნველყოფის მიზნით ახსნა-განმარტების ოქმში დატანილი ინფორმირების ნაწილი შესაბამისობაში მოიყვანოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ წესთან.