. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2024-12-13
შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე, როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე სახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ურთიერთობების ფარგლებში, სამართალდამცავი ორგანოები სხვადასხვა მიზნით (კვალიფიციური კადრების შერჩევა, უსაფრთხოება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება და ა. შ.) ამუშავებენ დიდი მოცულობით პერსონალურ მონაცემებს. ამასთან, როგორც წესი, მონაცემთა დამუშავების პროცესში, კომპეტენციის შესაბამისად, ჩართულია არაერთი პირი, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ განმცხადებლების/კანდიდატების, მოქმედი და ყოფილი დასაქმებულების სხვადასხვა, მათ შორის – განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე (მაგალითად, ასეთებია: პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნასამართლობის სტატუსი და ა. შ.).
სამართალდამცავი ორგანოების მიერ შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში მოპოვებული პერსონალური მონაცემების მხოლოდ კანონიერი მიზნით, პროპორციულობის პრინციპისა და კანონის სხვა მოთხოვნათა სრული დაცვით დამუშავება, კვლავ სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით დადგენილი აუდიომონიტორინგის განხორციელების სპეციალური წესის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირებისთვის განსაზღვრულ სხვადასხვა ვალდებულებათა შორის, საინტერესო აღმოჩნდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობებში აუდიომონიტორინგის ფორმით მონაცემთა დამუშავების სპეციფიკა.
- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
სამსახურმა გეგმური შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში შეისწავლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში განხორციელებული აუდიომონიტორინგის გზით მონაცემთა დამუშავების კანონიერების საკითხი.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო ოფისში კონკურსის მეორე ეტაპზე, ბრიფინგის ოთახებში ათავსებდა პორტატულ ვიდეოკამერას და კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის, გასაუბრების პროცესში მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის დაცვისა და ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნისათვის, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ახორციელებდა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის ვიდეო-აუდიო ჩაწერას.
შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კანდიდატების ინფორმირება მონაცემთა დამუშავების შესახებ ხდებოდა როგორც ზეპირსიტყვიერად, ასევე – წერილობითი ფორმით და კანდიდატი თავისი თავისუფალი ნების საფუძველზე იღებდა გადაწყვეტილებას ვიდეო-აუდიომონიტორინგის განხორციელების თაობაზე.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით ახლებურად ჩამოყალიბდა თანხმობის (მათ შორის, წერილობითი თანხმობის) ცნება და მისი კრიტერიუმები. თანხმობა მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის – ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნებაა; წერილობითი თანხმობა კი ისეთი თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით, მათ შორის – ელექტრონულად, მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ.
ამდენად, თანხმობა — როგორც მონაცემთა სუბიექტის სურვილის ნებაყოფლობითი, კონკრეტული, ინფორმირებული და მკაფიო გამოხატულება — შესაბამისი კანონიერი საფუძველია იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა სუბიექტს სთავაზობენ კონტროლსა და რეალურ არჩევანს შეთავაზებული პირობების მიღებასა და უარყოფას შორის ან მას უარის თქმა შეუძლია საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების გარეშე; აღნიშნული კი მონაცემთა დამუშავების მიზნების შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელია. როდესაც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სუბიექტისგან ითხოვს თანხმობას, იგი ვალდებულია, შეაფასოს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ნამდვილი თანხმობის მოპოვების ყველა ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გეგმური შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სამინისტროს შემუშავებული ჰქონდა მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის ფორმა, რომელზეც ხელმოწერით კანდიდატი ადასტურებდა ან უარს აცხადებდა ვიდეო-აუდიოჩაწერაზე, თუმცა ფორმა, მონაცემთა დამუშავების მიზანთან დაკავშირებით, შეიცავდა ზოგად ინფორმაციას და მასში არ იყო მითითებული, რას გულისხმობდა მონაცემების დამუშავება შრომითსამართლებრივი მიზნებისთვის.
სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი თანხმობის ფორმით არ იყო უზრუნველყოფილი კანდიდატისათვის მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება, რის გამოც დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს დაევალა წერილობითი თანხმობის ფორმის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოდიფიცირება.
- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო) მიერ
დისციპლინური წარმოებისას, გამოსაკითხი პირების მონაცემების დამუშავების პროპორციულობის კანონიერების საკითხი.
შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოსაკითხი პირისგან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით დისციპლინური წარმოების დროს სამინისტროს შემუშავებული ჰქონდა შესაბამისი ფორმა, რომლის მეშვეობითაც გროვდებოდა სხვადასხვა სახის პერსონალური, მათ შორის – განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი. კერძოდ, ოქმში აისახებოდა შემდეგი სახის ინფორმაცია: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი, მისი შედგენის დაწყებისა და დასრულების დრო, დოკუმენტის შემდგენი პირის სამსახურებრივი თანამდებობა, მისი სახელი და გვარი; ასევე აისახებოდა გამოსაკითხი პირის სახელი, მამის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი — წელი, თვე და რიცხვი, დაბადების ადგილი, განათლება, სპეციალობა, საქმიანობა ან თანამდებობა, წოდება, რეგისტრაციის ადგილი, ფაქტობრივი საცხოვრებელი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. უშუალოდ ახსნა-განმარტების შინაარსში მიეთითებოდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებული სხვა გარემოებები, რომლებიც მათ შორის შესაძლოა, რომ დაკავშირებული ყოფილიყო გამოსაკითხი ან მესამე პირების პერსონალურ მონაცემებთან.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული ზოგიერთი მონაცემის, მათ შორის ინფორმაცია განათლებისა და სპეციალობის შესახებ, დამუშავების აუცილებლობა პირის გამოკითხვის თავდაპირველ ეტაპზე არ არსებობდა და მათი შეგროვების საჭიროება შესაძლოა მხოლოდ კონკრეტულ საქმეში მნიშვნელოვანი გარემოებების დასაზუსტებლად დამდგარიყო, თუ, მაგალითად, დისციპლინური წარმოება მიემართებოდა სამინისტროს თანამშრომლის კომპეტენციას. შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოქმის მეშვეობით გროვდებოდა გამოსაკითხი პირის ისეთი მონაცემები, რომელთა დამუშავების მიზნობრიობა ყველა დისციპლინური საქმისწარმოების ფარგლებში არ არსებობდა.
გარდა ამისა, აღნიშნული ოქმი შაბლონური სახის იყო და გამოიყენებოდა როგორც თანამშრომლების, ასევე დისციპლინურ საქმესთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოკითხვის პროცესში. არათანამშრომელი გამოსაკითხი პირის შემთხვევაშიც გროვდებოდა ის ინფორმაცია (მაგალითად: ნასამართლობის, სახელმწიფო ჯილდოს, ოჯახური მდგომარეობის შესახებ), რომელთა დამუშავება რელევანტური იყო მხოლოდ თანამშრომლებთან მიმართებით. აღნიშნული ზრდიდა მონაცემთა არამიზნობრივად დამუშავების რისკებს.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით დაევალა თანამშრომელთა და სხვა, მესამე პირთა გამოსაკითხად 2 (ორი) დიფერენცირებული ოქმის ფორმის შემუშავება, აგრეთვე – გამოკითხვის პროცესში დასამუშავებელ მონაცემთა მიზნობრიობის შეფასება და გამოსაკითხი ფორმების ველების მეშვეობით მხოლოდ იმ მონაცემების დამუშავება, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ხოლო კონკრეტული დისციპლინური საქმის განხილვის პროცესში აუცილებელი მონაცემების მოპოვება საჭიროებისამებრ, უშუალოდ ახსნა-განმარტების შინაარსის მეშვეობით.
აგრეთვე, შესწავლის პროცესში სამსახურმა შეაფასა დისციპლინური წარმოების ფარგლებში მოპოვებული მონაცემების შენახვა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ, ინსპექტირების/სამსახურებრივი შემოწმების დასრულების შემდგომ, მასალები სრულად იკინძებოდა და ინახებოდა 10 (ათი) წლის ვადით, თუმცა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა ვერ დაასაბუთა მონაცემების ხსენებული ვადით შენახვის აუცილებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს დაევალა გამოსაკითხ პირთა მონაცემების კონკრეტული მიზნით შენახვის ვადებისა და შენახვის ვადის ამოწურვის შემდგომ მონაცემთა მიმართ განსახორციელებელი ქმედებების წერილობითი ფორმით განსაზღვრა.
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გეგმური შემოწმება (ინსპექტირება) მოიცავდა გენერალური ინსპექციის მიერ დისციპლინური წარმოებისას გამოსაკითხი პირების მონაცემების დამუშავების პროპორციულობის საკითხს.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოსაკითხი პირების პერსონალურ მონაცემებს მოიპოვებს სხვადასხვა ფორმით. ერთ-ერთია უშუალოდ გამოსაკითხი პირის წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელშიც აისახება: პირის სახელი, გვარი, თანამდებობა (თანამშრომლის შემთხვევაში), მისამართი და ტელეფონის ნომერი, ხოლო ახსნა-განმარტების შინაარსში დამატებით გამოსაკითხი პირი საკუთარი ინიციატივით უთითებს სადავო საკითხთან დაკავშირებულ გარემოებებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს როგორც გამოსაკითხი პირის, ასევე – სხვა, მესამე პირების პერსონალურ მონაცემებს.
შემოწმებით დადგინდა, რომ, გარდა ზემოაღნიშნული ფორმით მონაცემების მოპოვებისა, შესაბამისი საჭიროებისას გამოსაკითხი პირების პერსონალური მონაცემები გროვდება სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისა და სხვა დაწესებულებებისგან ინფორმაციის გამოთხოვის, ასევე – მის მმართველობაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შიდა საქმიანობის ელექტრონულ სისტემებზე პირდაპირი წვდომის გზით. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ დისციპლინური წარმოების ფარგლებში მონაცემები მუშავდებოდა კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად, სრულად გამოვლენის, ასევე –თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრისათვის.
სამსახურმა შეაფასა დისციპლინური წარმოების ფარგლებში მოპოვებული მონაცემების შენახვის ვადების კანონიერებაც.
შემოწმების პროცესში გამოვლინდა, რომ დისციპლინური შემოწმების დასრულების შემდგომ მასალები სრულად იკერება და ინახება 5 (ხუთი) წლის ვადით, რომლის საჭიროებაც უწყებამ ახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ნომენკლატურითა და პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის გათვალისწინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
შემოწმების ფარგლებში გაანალიზდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადები, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ ეს უკანასკნელი არ ითვალისწინებს დისციპლინური საქმისწარმოების მასალების შენახვის კონკრეტულ დროს, თუმცა განსაზღვრავს სხვადასხვა პროცედურულ ვადას. ხსენებული კანონის 88-ე მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს, რომ დისციპლინური წარმოება იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 (ერთი) თვეში, თუკი დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 3 (სამი) წელი არ არის გასული. ამასთან, ამავე კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად, დისციპლინური წარმოება არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორი) თვეს. ასევე საგულისხმოა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის პირველი პუნქტის დათქმა, რომლის მიხედვითაც, პირი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
ამდენად, დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურული ვადების ჯამური ოდენობა არ შეადგენდა 5 (ხუთი) წელს, რის გამოც სამსახურმა ვერ გაიზიარა მონაცემების ამ დროით შენახვის საჭიროება და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს დაავალა გამოსაკითხ პირთა მონაცემების კონკრეტული მიზნით შენახვის ვადების განსაზღვრა და მისი ამოწურვის შემდგომ მონაცემების წაშლა/განადგურება.