2024-05-22
გადაწყვეტილება - ერთ-ერთი კომპანიის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მონაცემთა სუბიექტების მიერ წარმოდგენილი მომართვების საფუძველზე, შეისწავლა ერთ-ერთი კომპანიის მიერ, 2024 წლის 1 მარტის შემდგომ, მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნისას, პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების კანონიერება.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ კომპანიას შექმნილი ჰქონდა რამდენიმე ათასი მომხმარებლის სატელეფონო ნომრის შემცველი ბაზა, რომელში მითითებულ მონაცემებსაც სარეკლამო შინაარსის შეტყობინებების გაგზავნისთვის ამუშავებდა. ასევე დადგინდა, რომ ორგანიზაციამ სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, 2024 წლის 1 მარტის შემდეგ, რამდენიმე სხვადასხვა თარიღში, ზოგიერთ შემთხვევაში, 100-ობით სხვადასხვა სატელეფონო ნომერზე გაგზავნა.
განხილვის ფარგლებში, კომპანიამ განმარტა, რომ ბაზაში სატელეფონო ნომრების განთავსებას და აღნიშნული მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოყენებას ახორციელებდა მონაცემთა სუბიექტების თანხმობით. კერძოდ, კომპანიამ მიუთითა, რომ თანხმობას მოიპოვებდა მომხმარებლების მიერ მათთვის გადაცემული სპეციალური თანხმობის ფორმის შევსების გზით.
თანხმობის ფორმის შესწავლის შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ იგი არ შეიცავდა კონკრეტულ და მკაფიო ინფორმაციას, თუ ვის მიერ, რა ფორმით და რა მიზნით მოხდებოდა მასში მისათითებელი პერსონალური მონაცემების გამოყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიიჩნია, რომ მომხმარებლების მიერ ამგვარი ფორმის შევსება ვერ ჩაითვლებოდა მათი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებასთან დაკავშირებით ნათლად გამოხატულ ნებად. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანია შეძლებდა მის ბაზაში არსებული თითოეული სატელეფონო ნომრით მოსარგებლე პირის მიერ შევსებული ზემოაღნიშნული ფორმის წარმოდგენას, ვერ იქნებოდა მიჩნეული, რომ კომპანიას კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჰქონდა მოპოვებული თანხმობა მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებასთან დაკავშირებით. ამასთან, განხილვის ფარგლებში, კომპანიას ეთხოვა მის ბაზაში არსებული რამდენიმე კონკრეტული სატელეფონო ნომრის მოსარგებლისგან მოპოვებული თანხმობის წარმოდგენა, თუმცა კომპანიამ აღნიშნული პირების მიერ მათი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა დაადგინა, რომ 2024 წლის 1 მარტის შემდეგ, მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფარგლებში, სატელეფონო ნომრების მფლობელი პირების მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება, კომპანიის მიერ, განხორციელდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნების დარღვევით და კომპანიას შეეფარდა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ამასთან, კომპანიას დაევალა მის ბაზაში არსებული სატელეფონო ნომრების მფლობელი პირების პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.