date

2025-07-15

გადაწყვეტილება სკოლების მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების კანონდარღვევით გასაჯაროების თაობაზე


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გეგმური შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში შეისწავლა 2 (ორი) სკოლის მიერ ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, მოსწავლეების ფოტო და ვიდეოგამოსახულების გასაჯაროების კანონიერება.

შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სკოლები 2011-2012 წლიდან სოციალური ქსელის საკუთარ გვერდებზე ასაჯაროებდნენ მათ მიერ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილე სკოლის მოსწავლეების ფოტო და ვიდეოგამოსახულებებს. ამასთან, ერთ-ერთი სკოლა მოსწავლეების ამსახველ ფოტოსურათებს 2002 წლიდან საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზეც ათავსებდა. შემოწმებების ფარგლებში სკოლები მიუთითებდნენ, რომ მოსწავლეების ფოტო და ვიდეოგამოსახულებების გასაჯაროება სასკოლო აქტივობების/ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაცნობას, სკოლის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და სარეკლამო მიზნებს ემსახურებოდა. სკოლებმა მოსწავლეების ამსახველი მონაცემების გასაჯაროების საფუძვლად დაასახელეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (მონაცემთა სუბიექტის თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე).

შემოწმებების ფარგლებში დადგინდა, რომ სკოლები მოსწავლეების მონაცემების დამუშავების შესახებ თანხმობას მოიპოვებდნენ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან/მშობელთან დადებული მომსახურების ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერით. შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის (მათი კანონიერი წარმომადგენლის/მშობლის) მიერ გაცხადებული თანხმობა ნაწილი იყო იმ დოკუმენტის (ხელშეკრულების), რომელიც ასევე ეხებოდა სხვა საკითხებს. ამასთან, აღნიშნული თანხმობა არცერთი სკოლის შემთხვევაში არ იყო მკაფიოდ გამოყოფილი ხელშეკრულების დანარჩენი ტექსტისგან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თანხმობის ჩანაწერი ორივე შემთხვევაში დამუშავების მიზნებთან დაკავშირებით არ იყო ამომწურავი და შეიცავდა დათქმას პერსონალური მონაცემების „საჭიროებისამებრ“ დამუშავების შესახებ. ამასთანავე, ერთ-ერთი სკოლა მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებს/მშობლებს არ განუმარტავდა თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლების შესახებ, ხოლო მეორე სკოლამ ვერ შეძლო მონაცემთა დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობის გამოხმობის უფლების შესახებ კანონიერი წარმომადგენლების/მშობლების ინფორმირების ფაქტის დადასტურება, რაც ერთ-ერთი არსებითი კომპონენტია თანხმობის ნებაყოფლობითობისა და ინფორმირებულობის შეფასებისას.

სამსახურმა მიიჩნია, რომ სკოლების მიერ მოსწავლეების ფოტო და ვიდეოგამოსახულებების გასაჯაროების გზით დამუშავებისთვის მოპოვებული თანხმობა არ აკმაყოფილებდა კანონის 32-ე მუხლის მოთხოვნებს, რადგან თანხმობა არ იყო მკაფიოდ გამოყოფილი ხელშეკრულების დანარჩენი ტექსტისგან, თანხმობის ჩანაწერი დამუშავების მიზნებთან დაკავშირებით არ იყო ამომწურავი და შეიცავდა დათქმას პერსონალური მონაცემების „საჭიროებისამებრ“ დამუშავების შესახებ. ამასთანავე, სკოლის რეკლამირების მიზნით თანხმობის გაცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზოგადი განათლების მომსახურების მიწოდებისთვის აუცილებლ პირობას არ წარმოადგენდა.

ამასთან, სამსახურმა განმარტა, რომ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერ მოპოვებული თანხმობის ლეგიტიმურობა/ვალიდურობა. მაგალითად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უნდა შეეძლოს თანხმობის მოპოვების პროცესში სუბიექტის სრულფასოვნად ინფორმირებისა და თანხმობის ყველა კრიტერიუმის არსებობის ფაქტის დადასტურება. საგულისხმოა, რომ თუ თანხმობის მოპოვება ხდება სხვადასხვა მიზნით მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტისგან თითოეულ მიზანთან მიმართებით ცალკე მოიპოვოს აღნიშნული თანხმობა.

სამსახურმა ამავე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სამართლებრივ საფუძვლად თანხმობის არსებობის პირობებში თანხმობა მოპოვებული უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მათ შორის, მონაცემთა სუბიექტს ცხადად უნდა განემარტოს მონაცემთა დამუშავების თითოეული მიზანი. ასევე, კანონის 32-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, თანხმობის ტექსტი უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიო, მარტივი და გასაგები ენით და გამოყოფილი იყოს დოკუმენტის სხვა ნაწილებისგან. ამასთან, დაუშვებელია თანხმობა იყოს მომსახურების ან ხელშეკრულების (მათ შორის, მომსახურების ხელშეკრულების) აუცილებელი პირობა, თუ შეიძლება ამ თანხმობის გარეშე შესაბამისი მომსახურების მიღება/ხელშეკრულების დადება.

ზემოხსენებული სკოლების შემოწმებების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ სკოლებს არ ჰქონდათ შემუშავებული მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის დოკუმენტები, რომლითაც სკოლის ვებგვერდსა და სოციალური ქსელის გვერდებზე მოსწავლეების ფოტო და ვიდეოგამოსახულებების გასაჯაროების პროცესთან დაკავშირებით, აღრიცხული იქნებოდა კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

ერთ-ერთი სკოლის შემოწმების ფარგლებში ასევე გამოიკვეთა, რომ სკოლას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად დანიშნული ჰყავდა კომპანია, რომელიც მას მომსახურებას მათ შორის შრომის უსაფრთხოების საკითხებში უწევდა. აღნიშნული კომპანია სკოლისთვის შრომის უსაფრთხოების საკითხებში მომსახურების გაწევისას ჩართული იყო მონაცემთა დამუშავების პროცესებში და მისი ფუნქციები გულისხმობდა მონაცემთა დამუშავების პროცესზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას (მათ შორის, კომპანია შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ წარმოებებში იცავდა სკოლის ინტერესებს ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში, რაც მოიცავდა მის ფუნქციას - მონაწილეობა მიეღო საჩივრის შედგენასა და თანდართული დოკუმენტების განსაზღვრაში). აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ სკოლისთვის შრომის უსაფრთხოების საკითხებში მომსახურების გაწევასთან ერთად კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით დაკისრებული მოვალეობების განხორციელებისას იქმნებოდა ინტერესთა კონფლიქტი, რაც ეწინააღმდეგება კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას - ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების უზრუნველყოფის თაობაზე.

ამრიგად, სამსახურმა დაადგინა, რომ სკოლების მიერ ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, მოსწავლეების ფოტო და ვიდეოგამოსახულების გასაჯაროებისას დარღვეულ იქნა კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, ორივე სკოლა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით კანონის 28-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევისთვის ორივე მათგანს შეეფარდა გაფრთხილება, ხოლო კანონის 32-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევისთვის - ჯარიმა. ამასთან, სკოლებს დაევალათ:

  • ვებგვერდსა და სოციალური ქსელის გვერდებზე მოსწავლეების ფოტო და ვიდეო გამოსახულებების გასაჯაროების პროცესთან დაკავშირებით უზრუნველყონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვა.
  • შეწყვიტონ ვებგვერდსა და სოციალური ქსელის გვერდებზე მოსწავლეების ფოტო და ვიდეოგამოსახულებების სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გასაჯაროება.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ სკოლას ასევე დაევალა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად განესაზღვრა/დაენიშნა მხოლოდ ისეთი პირი, რომელსაც თავისი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში არ ექნებოდა ინტერესთა კონფლიქტი.

 

მსგავსი გადაწყვეტილებები