ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-09-20

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ბრიუსელში სამუშაო შეხვედრათა კვირეულში მიიღეს მონაწილეობა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ბრიუსელში სამუშაო შეხვედრათა კვირეულში  სახელწოდებით: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის აკადემია დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონებისთვის“ მიიღეს მონაწილეობა. 

ღონისძიების ფარგლებში სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პოპიაშვილმა და  საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა — ანა თოხაძემ ისაუბრეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი საკანონმდებლო მოწესრიგების შესახებ, კანონის იმპლემენტაციის პროცესსა და არსებულ ტენდენციებზე, აგრეთვე, ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით განსაზღვრულ სამომავლო გეგმებზე. ხაზგასმით აღინიშნა სამსახურის მომდევნო წელს განსახორციელებელი სტრატეგიული ამოცანები საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული კონფერენციისა“ და „ტექნოლოგიაში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრის მასპინძლობის თვალსაზრისით. 

ევროკომისიის  იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატთან (DG JUST) თანამშრომლობით, მონაწილე ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებმა  განიხილეს საკანონმდებლო რეგულირება, თანამედროვე პრაქტიკა და მათ წინაშე არსებული გამოწვევები. ასევე,  ისაუბრეს  ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ ერთგვაროვანი აღსრულების, ევროკავშირის მასშტაბით საჯარო სექტორზე ზედამხედველობის, EUROJUST-ისა და EUROPOL-ის პრაქტიკასა და  საზედამხედველო ორგანოთა გამოცდილებაზე თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებით. ღონისძიების  ფარგლებში აკადემიის მონაწილეები შეხვდნენ „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ ("EDPB") თავმჯდომარეს, „ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველსა“ (“EDPS”), ზედამხედველის გენერალ მდივანს, ასევე, ევროპის საბჭოს (CoE) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამმართველოს წარმომადგენელს. 


ღონისძიება საჯარო „მმართველობის რეგიონალური სკოლის“ (ReSPA), ევროკავშირისა და ეთგო-ს „მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების მხარდაჭერის“ პროგრამის (SIGMA/OECD), „რეგიონული თანამშრომლობის საბჭოს“ (RCC) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივითა და მხარდაჭერით, აგრეთვე, პროექტის - “EaP Regional Fund for Public Administration Reform” ფარგლებში, ევროკომისიის DG JUST-სთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები