2024-10-10
კონფერენცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესახებ ჰიბრიდულ ფორმატში გამართულ კონფერენციას - “Privacy Conference 2024” დაესწრნენ, რომელიც 9 და 10 ოქტომბერს, გერმანიის ციფრული ასოციაციის - “Bitkom”-ის ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენციის პირველი დღე დაეთმო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების გერმანულ პერსპექტივას, ხოლო მეორე დღეს, ყურადღება გამახვილდა საკითხის საერთაშორისო ასპექტებზე. ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა მონაცემთა დაცვის სფეროს აქტუალური საკითხები: მართვადი ხელოვნური ინტელექტი - რეგულირება და პრაქტიკა; გერმანიაში მონაცემთა დაცვის ინსტიტუციური გაძლიერება; არასტრუქტურირებული მონაცემები; მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაცია; მონაცემთა უსაფრთხოების ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები; ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა დაცვასთან შესაბამისობის გამოწვევები; კონფიდენციალობის გამაძლიერებელი ტექნოლოგიები და სხვა.
კონფერენციის მეორე დღის მოხსენებები შეეხებოდა მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს (“EDPB”) მიდგომებს თანხმობის მოპოვების კონტექსტში, ასევე, ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას „ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (“GDPR”) ფარგლებში; მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ და სამომავლო გამოწვევებს; ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სამართლებრივ ჩარჩოს; და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით სხვა აქტუალურ საკითხებს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 70-მდე მომხსენებელმა, რომელთა შორის იყვნენ, ევროკავშირისა და სხვადასხვა საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენლები, მსხვილი ტექკომპანიების თანამშრომლები, მათ შორის, Microsoft, Google, OpenAI, Tiktok და ა.შ. მომხსენებლებმა დამსწრე პირებს გაუზიარეს სამომავლო ხედვები პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით.