გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-09-18
ქ. სეულში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის 47-ე კონფერენცია მიმდინარეობს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის (GPA) წევრთა ფარული კენჭისყრის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული. არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის იყვნენ ბრაზილიისა და კანადის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები. კომიტეტის ახალ წევრთა შესარჩევი პროცესი მოიცავდა კანდიდატთა მიერ სამოტივაციო განაცხადისა და ასამბლეის სტრატეგიული განვითარების შესახებ ხედვის წარდგენას.
GPA-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის სტატუსი სამსახურისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო ნდობასა და აღიარებას, არამედ შესაძლებლობას, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით გლობალური პოლიტიკის ფორმირების პროცესში.
„მონაცემთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსურს, მხარი დავუჭირო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალურ ასამბლეასა და სხვა შესაბამის პლატფორმებს შორის სტრატეგიული საკომუნიკაციო საშუალებების შექმნას. აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატი რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არსებით როლს თამაშობს. მზად ვარ, გლობალური მასშტაბით ვითანამშრომლო კოლეგებთან და წვლილი შევიტანო ასამბლეის მისიისა და მიზნების განხორციელებაში. ჩემთვის დიდი პატივია, გამოცდილებითა და ერთგულებით ხელი შევუწყო “GPA”-ის სტრატეგიულ განვითარებას.“ - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა ასამბლეის აღმასრულებელი კომიტეტის ახალ წევრთა წარდგენისთვის განკუთვნილ პანელზე.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეა (GPA) პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში წამყვან საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს. იგი აერთიანებს ამ სფეროში მოქმედ 130-ზე მეტ წევრ საზედამხედველო ორგანოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. GPA-ის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სხვადასხვა ორგანოს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება.
გლობალური ასამბლეის საქმიანობას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება. აღმასრულებელი კომიტეტის ფუნქციებს, მათ შორის, წარმოადგენს: დახურულ სესიებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება; სტრატეგიული მიზნების მისაღწევად სათანადო ღონისძიებების გატარება; ყოველწლიური კონფერენციის მასპინძლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა და ორგანიზაციული მხარდაჭერა; პრესრელიზების, განცხადებებისა და გლობალური მნიშვნელობის მქონე საკითხებზე პოზიციების მომზადება; სხვადასხვა ფორუმსა და ორგანიზაციაში ასამბლეის საერთაშორისო წარმომადგენლობა.