date

2024-10-03

პირის სახელისა და გვარის შემცველი საფინანსო დეკლარაციის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში გამოქვეყნების გზით დამუშავება


„უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესი“ მონაცემების დამუშავების პროცესების განმსაზღვრელი ახალი ნორმატიული რეგულაციებია. სამსახურმა, შეტყობინების საფუძველზე, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ საფინანსო დეკლარაციაში მომართვის ავტორის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა.

საქმის გარემოებების მიხედვით, შეტყობინების ავტორმა მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ერთ-ერთი ორგანიზაციიდან ფულადი ანაზღაურება რამდენჯერმე მიიღო, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ორგანიზაციათა რეესტრში მისი სახელის, გვარისა და სხვა მონაცემების შემცველი საფინანსო დეკლარაცია გამოქვეყნდა. კანონმდებლობის თანახმად, თუ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მიჩნევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს (მაგალითად, თუ ორგანიზაციის მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა), იგი ვალდებულია, ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს მიმართოს და ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმების შესაბამისად შევსებული საფინანსო დეკლარაცია წარადგინოს.

აღნიშნულის შემდეგ სააგენტოში საფინანსო დეკლარაციის შესწავლისა და გამოკვლევის ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა. თუ ორგანიზაცია კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, თუნდაც მის მიერ წარდგენილი დეკლარაცია არ იყოს ფორმის შესაბამისად სრულად შევსებული, სუბიექტი ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრირდება და საფინანსო დეკლარაცია ვებგვერდზე ქვეყნდება. მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ ორგანიზაციის მიერ სააგენტოში წარდგენილ საფინანსო დეკლარაციაში შეტყობინების ავტორის სახელთან, გვართან და ხელფასის სახით მიღებული თანხის ოდენობასთან ერთად, მითითებული იყო მისი პირადი ნომერი. საფინანსო დეკლარაციაში აღნიშნული იყო, რომ შეტყობინების ავტორის მიერ მიღებული ხელფასი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრა, ხოლო „ხარჯების გაწევის მიზნის“ გრაფაში მითითებული იყო, რომ მან „ისარგებლა 6000 ლარამდე საშემოსავლო შეღავათით (შშმ პირი)“. ვინაიდან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის შემდეგ განხორციელებული ნორმატიული ცვლილებების გამო დეკლარაციის ფორმაში საჭირო აღარ იყო პირადი ნომრის მითითება, სააგენტომ სპეციალური პროგრამული კოდის გამოყენებით შეტყობინების ავტორის პირადი ნომერი დეკლარაციაში დამალა. ამასთან, საფინანსო დეკლარაციის ფორმაში ასახული შენიშვნის თანახმად, „ხარჯების გაწევის მიზანი“ ისე უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომ მასში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები არ აღნიშნულიყო. აქედან გამომდინარე, სააგენტომ დეკლარაციაში ასახული ტერმინი „შშმ პირი“ წაშალა და მომართვის ავტორის სახელისა და გვარის შემცველი საფინანსო დეკლარაცია ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, სახელისა და გვარის შემცველი საფინანსო დეკლარაციის გამოქვეყნება საჭირო იყო ორგანიზაციათა საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნის მისაღწევად; ამასთან, კანონის თანახმად, საფინანსო დეკლარაცია საჯაროა, ხოლო კანონქვემდებარე აქტით დამტკიცებულ მის ფორმაში შესავსებ ერთ-ერთ გრაფას თანხის მიმღები პირის სახელი და გვარი წარმოადგენდა; გარდა ამისა, საფინანსო დეკლარაციაში თანხის მიმღები პირების სახელებისა და გვარების მითითება შეფასებისა და გამოკვლევის ეტაპის სრულყოფილად წარმართვის მიზანს ემსახურებოდა; ხოლო დეკლარაციის სადავო ფორმით გამოქვეყნების საფუძვლებად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ (კანონით გათვალისწინებული შემთხვევა) და „დ“ (კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად საჭიროება) ქვეპუნქტები დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე წარმოდგენილი პოზიცია სამსახურმა არ გაიზიარა. გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილდა შემდეგ გარემოებაზე: სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ არაერთ საფინანსო დეკლარაციაში ასახული არ იყო იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც ორგანიზაციის მიერ გაწეული ხარჯი მიიღო; კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტი დეკლარაციის საშუალებით, ორგანიზაციის მიერ გაწეული ხარჯის ნაწილში, გამოსაქვეყნებელ ინფორმაციად ასახელებდა მხოლოდ ფულადი თანხის ოდენობასა და მიზანს (განსხვავებით მიღებული შემოსავლების მიმართ წარსადგენი ინფორმაციისაგან, რომელზეც წყაროც უნდა დასახელებულიყო); ასევე, მართალია, კანონმდებლობა საფინანსო დეკლარაციის საჯაროობაზე მიუთითებდა, თუმცა საფინანსო დეკლარაცია საჯარო ხდებოდა სააგენტოს მიერ სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ (აღნიშნული პროცესი კი, სააგენტოს პრაქტიკის მიხედვით, მათ შორის მოიცავდა სპეციალური პროგრამული კოდით მონაცემების დამალვას ან სააგენტოს თანამშრომლის მხრიდან მონაცემის წაშლას). შესაბამისად, კანონმდებლობა არ ადგენდა ზუსტად იმგვარი ფორმით დოკუმენტის გასაჯაროების ვალდებულებას, როგორითაც ის წარდგენილი იყო. სააგენტოს საფინანსო დეკლარაციის ის რედაქცია უნდა გამოექვეყნებინა, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფართო საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესებს პასუხობდა.

ამასთან, გამოვლინდა, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციამდე მონაცემები სხვადასხვა ფორმით მუშავდებოდა, მაგალითად: ორგანიზაციებიდან ან/და სხვა პირებიდან ინფორმაციის მოპოვება, მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება ახალი 32 რეგულაციებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში ხარვეზის დადგენა ან ინფორმაციის მესამე პირებისგან გამოთხოვა, მათი მიღება, შენახვა, მონიტორინგი და სხვა. არსებულ ნორმატიულ აქტებსა და მათ ექსპლიციტურ ჩანაწერებზე დაყრდნობით სამსახურმა განმარტა, რომ წესით დადგენილი საფინანსო დეკლარაციის ფორმა არ არის ის დოკუმენტი, რომლითაც კანონმდებლობა ორგანიზაციათა რეესტრში გამოსაქვეყნებელი და საჯაროდ გასავრცელებელი ინფორმაციის ჩამონათვალს განსაზღვრავს, არამედ ეს არის ფორმა/ნიმუში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სააგენტოსათვის იმ ინფორმაციის წარდგენა, რომელიც საფინანსო დეკლარაციის სათანადო შესწავლასა და გამოკვლევაში დაეხმარება. შესაბამისად, კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ორგანიზაციიდან ხარჯის მიმღები პირის სახელისა და გვარის შემცველი სახით დეკლარაციის გამოქვეყნებას და, ამდენად, მოცემულ შემთხვევას არ შეესაბამებოდა სააგენტოს მიერ დასახელებული მონაცემების დამუშავების არცერთი საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (მონაცემთა დამუშავების საფუძვლები) დარღვევა, რის გამოც სააგენტო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.

 

შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ შეტყობინების ავტორის დამსაქმებელმა ორგანიზაციამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია საფინანსო დეკლარაციაში არსებულ განმარტებას, რომლის მიხედვით ხარჯების გაწევის მიზანი ისეთი ფორმით უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომ მასში თანხის მიმღები ფიზიკური პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები არ ასახულიყო. ამასთან, შეტყობინების ავტორს მისი შშმ სტატუსისა და სტატუსის მინიჭების კონკრეტული საფუძვლის თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით თავად ჰქონდა გავრცელებული. შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ სააგენტოსათვის შშმ პირის სტატუსის გამო საშემოსავლო შეღავათის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება შეფასდა მონაცემების მინიმიზაციის პრინციპის დარღვევად („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი), რის გამოც იგი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაში.

მსგავსი გადაწყვეტილებები