. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2024-10-09
გადაცდომის ჩამდენი თანამშრომლის მონაცემები დისციპლინური საქმისწარმოების ფარგლებში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დამუშავდეს. მსგავს შემთხვევებში მონაცემების უსაფრთხოების საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის მომართვის საფუძველზე დისციპლინური წარმოების მასალების არაუფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომობის ფაქტი შეისწავლა.
განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა სსიპ „იუსტიციის სახლში“ წარდგენილი მიმართვით სააგენტოდან გამოითხოვა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია, მათ შორის – დისციპლინური წარმოების მასალები. მოთხოვნილი მასალის ისეთი ნაწილები, როგორებიცაა: თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებები, ხელშეკრულება და ა. შ., სატელეფონო ნომერზე მისული მოკლეტექსტური შეტყობინების გზით გახდა ხელმისაწვდომი, თუმცა მას დისციპლინური წარმოების მასალები არ გადასცემია. საკითხის მოკვლევის შედეგად განმცხადებელმა შეიტყო, რომ მის მიმართვაზე რეაგირების მიზნით სხვა წერილი მომზადდა, რომელიც, დისციპლინური წარმოების მასალებთან ერთად, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საშუალებით იუსტიციის სახლის თანამშრომლისთვის იყო ხელმისაწვდომი.
შესწავლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ წერილების შინაარსობრივი სეგრეგაციის მიზნით სააგენტოს დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესული, შესრულებული და შიდა მოძრაობის კორესპონდენციის ორი ტიპი აისახებოდა „საჯარო“, რომელიც პროგრამის ყველა მომხმარებლისთვის იყო ხელმისაწვდომი და „მკაცრად არასაჯარო“, რომელიც პროგრამის მხოლოდ ექსკლუზიური უფლების მქონე პირებისთვის იყო ხილვადი. სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესით „მკაცრად არასაჯარო“ კორესპონდენციების მახასიათებლები (პერსონალური მონაცემების, თანამშრომელთა სამუშაო ადგილისა და თანამდებობრივი სარგოს შესახებ ინფორმაციის შემცველი წერილები და ა. შ.) და მასზე წვდომის მქონე პირთა შეზღუდული წრე იყო განსაზღვრული. სააგენტომ დაადასტურა, რომ ყოფილი თანამშრომლის მიერ წარდგენილი განცხადება, ასევე მასზე საპასუხოდ მომზადებული ორივე წერილი „მკაცრად არასაჯარო“ კორესპონდენციის ტიპს მიეკუთვნებოდა და მათზე წვდომის შესაძლებლობა მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელთა მცირე წრეს უნდა ჰქონოდა. მიუხედავად ამისა, სააგენტოს თანამშრომლის შეცდომის გამო, დისციპლინური წარმოების შემცველი წერილი „საჯარო“ ტიპის დოკუმენტად მომზადდა.
შეცდომით მომზადებულ წერილზე დართული იყო დასაქმებულ პირთან დაკავშირებული დისციპლინური დასკვნა, რომელიც წარმოების პროცესში გამოკითხული სააგენტოს თანამშრომლების დეტალურ განმარტებებსა და შრომით ურთიერთობებში ყველაზე მძიმე სახდელის (სამსახურიდან გათავისუფლება) შეფარდების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. სამსახურის შეფასებით, წერილის შინაარსისა და თანდართული დოკუმენტაციის ბუნების გათვალისწინებით, დისციპლინური წარმოების მასალების სააგენტოს ყველა თანამშრომლისა და იუსტიციის სახლის დაახლოებით რვაასი მიმღები ოპერატორისათვის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განმცხადებლისთვის მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მორალური ზიანის მატარებელი ყოფილიყო. ამასთან, სააგენტომ ზემოხსენებულ წერილზე წვდომა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ შეზღუდა, რაც განცხადების განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით სამსახურის კორესპონდენციები მიიღო.
სამსახურმა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ განმცხადებლის მოთხოვნაზე პასუხის მომზადების პროცესში სააგენტოს არაერთი, მათ შორის მაღალი რგოლის, მენეჯერი მონაწილეობდა, ხოლო მომზადებული წერილის ტიპი და სათაური დოკუმენტის „საჯარო“ ხასიათზე მიუთითებდა. აღნიშნულის მიუხედავად, დოკუმენტის ვიზირების/ხელმოწერის პროცესში ზემდგომმა თანამდებობის პირებმა ვერ შენიშნეს კორესპონდენციის მახასიათებლები. შესაბამისად, მათ თავიდან ვერ აიცილეს წერილის არასწორი ფორმით მომზადების თანმდევი შედეგები. ყოველივე ზემოხსენებული მიუთითებდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ 7 საქართველოს კანონის მე-17 მუხლის (მონაცემების უსაფრთხოება, კანონის მოქმედი რედაქციის 27-ე მუხლი) დარღვევაზე, რის გამოც, ამავე კანონის 46-ე მუხლის (კანონის მოქმედი რედაქციის 76-ე მუხლი მუხლი) საფუძველზე, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.