date

2024-12-10

მონაცემთა სუბიექტის ხელმისაწვდომობა საკუთარ მონაცემებზე


სამსახურს მონაცემთა სუბიექტმა მომართა განცხადებით და მოითხოვა ერთ-ერთი კომპანიისთვის საკუთარი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის გადაცემის დავალების შესრულება. განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ სამსახურში გადაადგილებისას განმცხადებელს ფეხი აუცურდა და დაეცა, რაც შენობაში განთავსებული ვიდეომონიტორინგის სისტემის ჩანაწერებში დაფიქსირდა. განმცხადებელმა მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა თავისი მონაცემების შემცველი რამდენიმე დოკუმენტის, მათ შორის – ზემოაღნიშნული ფაქტის ამსახველი კონკრეტული ვიდეოჩანაწერების გადაცემა. დამსაქმებელმა განმცხადებელს მიაწოდა გამოთხოვილი დოკუმენტები, თუმცა არ გადასცა მისი მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების ასლები. კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას, გადაეცა განმცხადებლისთვის მის მიერ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, რადგან ისინი კომპანიაში დასაქმებული სხვა პირების მონაცემებსაც შეიცავდა (აღნიშნული ფაქტი განცხადების განხილვის ფარგლებში დადასტურდა), ხოლო კომპანიას არ ჰქონდა ვიდეოჩანაწერების იმგვარად დამუშავების შესაძლებლობა, რომ მოეხდინა მასში ასახული მესამე პირების მონაცემების დეპერსონალიზაცია (მაგალითად, გამოსახულებების ე. წ. „დაბლარვა“).
განსახილველ შემთხვევაში, სამსახურმა განმარტა, რომ მონაცემების შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები უნდა გაიცეს იმგვარად, რომ მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიუხედავად, არათანაზომიერად არ შეიზღუდოს სხვათა უფლებები. განმცხადებლის მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების მისთვის იმ ფორმით გადაცემა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ვიდეოჩანაწერებში ასახული მესამე პირების იდენტიფიცირება, სხვა პირთა მონაცემების განუსაზღვრელი ვადით განმცხადებლის მფლობელობაში გადასვლას გამოიწვევდა. დამატებით, შექმნიდა აღნიშნული მონაცემების შემდგომში სხვა პირებისთვის ან/და პირთა განუსაზღვრელი წრისადმი (მაგალითად, სოციალური ქსელის მეშვეობით) გავრცელების რისკს, რასაც შესაძლოა გამოეწვია ჩანაწერებში ასახულ მესამე პირთა უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვა.


დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომა საკუთარი მონაცემების შემცველი მასალების მომთხოვნი მონაცემთა სუბიექტისა და მესამე პირების ინტერესების დაბალანსებისთვის. მაგალითად, სუბიექტს შეიძლება მიეწოდოს ვიდეოჩანაწერები იმ ფორმით, რომ მათში დაიფაროს კადრში მოხვედრილი მესამე პირების გამოსახულება. თუ ვიდეოჩანაწერი შეიცავს სხვა პირთა მონაცემებს, ხშირ შემთხვევებში თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები იძლევა არასაჭირო მონაცემების დაფარვის შესაძლებლობას განსაკუთრებული ძალისხმევის/დანახარჯის გარეშე. კომპანიის წარმომადგენლის განმარტება ვიდეოჩანაწერების იმგვარად დამუშავების შეუძლებლობის შესახებ, რომ მოეხდინა მასში ასახული მესამე პირების მონაცემების დეპერსონალიზაცია (მაგალითად, გამოსახულებების ე. წ. „დაბლარვა“), არ იქნა გაზიარებული.

შესაბამისად, სამსახურის გადაწყვეტილებით, კომპანიას დაევალა, განმცხადებლისთვის გადაეცა მის მიერ გამოთხოვილი, მისი მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების ასლები იმგვარი ფორმით, რომ შეუძლებელი ყოფილიყო ჩანაწერებში ასახული მესამე პირების იდენტიფიცირება.

მსგავსი გადაწყვეტილებები