. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2024-11-07
მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს მომსახურების სივრცე და მისი მოწყობა, ასევე – ვერბალური კომუნიკაციის სპეციფიკა და სერვისის შინაარსობრივი მახასიათებლები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბიუროს მიერ სერვისის მიწოდებისას, ვერბალური კომუნიკაციის პროცესში, გამოთხოვისა და მოპოვების გზით მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს თანამშრომლებს მოქალაქეთა მომსახურების საერთო სივრცეში, ოთხი სხვადასხვა მომსახურების გაწევის პროცესში, დაინტერესებულ პირებთან ვერბალური კომუნიკაცია ჰქონდათ. აღნიშნული ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის მოძიებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებასთან იყო დაკავშირებული, მომსახურების სახეებს კი წარმოადგენდა: ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობის მიღება, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ფაქტის დადგენა, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენა და დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევა.
მოქალაქეთა მომსახურების სივრცის ფართობი დაახლოებით 15მ 2 იყო, რომელშიც ყოველდღიურად მომსახურების მიღების მსურველი 100-ზე მეტი პირი შედიოდა. რიგის მართვის პოლიტიკის არარსებობის გამო ზემოაღნიშნული პირები, ზოგიერთ შემთხვევაში თანმხლებ პირებთან ერთად (მაგალითად, მეგობარი), ე. წ. „ცოცხალ რიგში“ იდგნენ და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეეძლოთ ბიუროს თანამშრომლებსა და მომსახურების მიღების მსურველ სხვა პირებს შორის ვერბალური კომუნიკაციის შინაარსი მოესმინათ. მინის გამყოფი ბარიერის შიდა მხარეს მყოფი ბიუროს თანამშრომელი შეკითხვას სვამდა, პასუხად კი სერვისის მსურველი მომსახურების სახეს ასახლებდა, ხოლო თანამშრომელი ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციის გზით მასთან დამატებით ინფორმაციას აზუსტებდა.
მომსახურების თითოეული სახე ინდივიდუალური სპეციფიკით ხასიათდებოდა, რაც ვერბალური კომუნიკაციის განსხვავებულ შინაარსს განაპირობებდა. მაგალითად:
- ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობის გაცემის პროცესში ბიუროს თანამშრომელი ასახელებდა მომსახურების მიღების მსურველი პირის სახელს, გვარსა და დასაქმების ადგილს, სადაც პირს ცნობა უნდა წარედგინა;
- ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების დადგენასთან დაკავშირებით ვერბალური კომუნიკაციის პროცესში ჩართული პირები ცვლიდნენ ინფორმაციას გარკვეული მედიკამენტების მიღებისა და სხეულზე ნანემსარის არსებობის, ასევე – კვლევის შედეგად კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის თაობაზე;
- თუ პირს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენა სურდა, მიუთითებდა აღნიშნული კვლევის ჩატარების საჭიროებაზე. შესაბამისად, ასახელებდა მომსახურების კონკრეტულ სახეს;
- დინამიურ ნარკოლოგიურ გამოკვლევას ის პირები გადიან, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი აქვთ დადგენილი ან დამოკიდებულნი არიან ნარკოტიკულ საშუალებებზე. თავის მხრივ, ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული პირები „მეტადონით“ ან „სუბოქსონით“ ჩანაცვლებით თერაპიაში მონაწილეობენ. ვერბალური კომუნიკაციის პროცესში მომსახურების მიღების მსურველი პირი მიუთითებდა კვლევის ჩატარების სურვილზე და ასახელებდა, თუ მერამდენე ვიზიტზე იმყოფებოდა, ხოლო ბიუროს თანამშრომლები სვამდნენ შეკითხვებს და იღებდნენ შესაბამის პასუხებს, მათ შორის – ზემოაღნიშნულ თერაპიებში/პროგრამებში პირის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
თითქმის ყოველთვის სივრცეში რამდენიმე ადამიანი ერთდროულად იმყოფებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი იქ მყოფთა რაოდენობა 15-ს აჭარბებდა. არსებული მდგომარეობის გამო ნებისმიერ ვიზიტორს უწევდა, რომ ბიუროს თანამშრომლისათვის საკუთარი პერსონალური მონაცემები სხვა პირების თანდასწრებით მიეწოდებინა. თავის მხრივ, გარეშე პირებისთვის გამჟღავნებული ინფორმაციის ნაწილი, როგორიცაა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ან/და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულთა პროგრამაში ჩართვის ფაქტი, სენსიტიური ინფორმაციაა, ხოლო მისმა გამჟღავნებამ შესაძლოა მონაცემთა სუბიექტის სტიგმატიზება ან/და სხვა არასასურველი შედეგი გამოიწვიოს.
ხელშესახები პრობლემის მიუხედავად, მის მოსაგვარებლად ბიუროს აქტიური ქმედებები ინსპექტირების დაწყებამდე არ განუხორციელებია. შემოწმების მიმდინარეობისას ვერბალური კომუნიკაციის ფარგლებში გარკვეული შეკითხვების დასმა შეწყდა. სამსახურმა ყურადღება გაამახვილა შესაბამისი წესის შემუშავებისა და დანერგვის საჭიროებაზე, რომელიც ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს მომსახურების გამწევ პირებს, თითოეული მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით, ცხად და გასაგებ ინსტრუქციებს მისცემდა მომსახურების მიმღები პირის მონაცემთა მოპოვებისა თუ გადამოწმების პროცესის თაობაზე. გარდა ამისა, არსებულ ფიზიკურ სივრცეში შექმნილი პირობები მონაცემთა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რისკის შემცველად შეფასდა.
ამდენად, საქმის შესწავლის ფარგლებში დადგენილი გარემოებები მიუთითებდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის (მონაცემთა უსაფრთხოება) დარღვევაზე, რის გამოც ბიურო სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი 76-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.