2024-04-25
გადაწყვეტილება დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის სამუშაო სივრცეში განთავსებლი ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერების გადაცემასთან დაკავშირებით
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებით მომართა პირმა, რომლითაც მოითხოვა ერთ-ერთ კომპანიისთვის მისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის გადაცემის დავალება.
განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ განმცხადებელს, სამსახურში გადაადგილებისას, ფეხი აუცურდა და დაეცა. მომხდარი დაფიქსირდა შენობაში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერებში. განმცხადებელმა მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა მისი პერსონალური მონაცემების შემცველი რამდენიმე დოკუმენტის, მათ შორის, ზემოაღნიშნული დაცემის ფაქტის ამსახველი კონკრეტული ვიდეოჩანაწერების გადაცემა. დამსაქმებელმა კომპანიამ განმცხადებელს გადასცა გამოთხოვილი დოკუმენტები, თუმცა არ გადასცა მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების ასლები. კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას, გადაეცა განმცხადებლისთვის მის მიერ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, რადგან აღნიშნული ჩანაწერები შეიცავდნენ კომპანიაში დასაქმებული სხვა პირების პერსონალურ მონაცემებსაც (დასახელებული ფაქტი განცხადების განხილვის ფარგლებში დადასტურდა), ხოლო კომპანიას არ ჰქონდა ვიდეოჩანაწერების იმგვარად დამუშავების შესაძლებლობა, რომ მოეხდინა მასში ასახული მესამე პირების პერსონალური მონაცემების დეპერსონალიზაცია (მაგ.: გამოსახულებების ე.წ. „დაბლარვა“).
განსახილველ შემთხვევაში, სამსახურმა, პირველ რიგში განმარტა, რომ პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები უნდა გაიცეს იმგვარად, რომ მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის დაკმაყოფილების პარალელურად არათანაზომიერად არ შეიზღუდოს სხვათა უფლებები. სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ განმცხადებლის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების მისთვის იმ ფორმით გადაცემა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ასახული მესამე პირების იდენტიფიცირება, ხსენებული პირების პერსონალური მონაცემები განუსაზღვრელი ვადით განმცხადებლის მფლობელობაში გადასვლას გამოიწვევდა, ამასთან, შექმნიდა აღნიშნული მონაცემების შემდგომში სხვა პირებისთვის ან/და პირთა განუსაზღვრელი წრისადმი (მაგ.: სოციალური ქსელის მეშვეობით) გავრცელების რისკს. აღნიშნულს კი შესაძლოა გამოეწვია ჩანაწერებში ასახულ მესამე პირთა უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვა.
ამასთან, სამსახურმა მიუთითა, რომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომა საკუთარი პერსონალური მონაცემების შემცველი მასალების მოთხოვნის წარმდგენი მონაცემთა სუბიექტის და მესამე პირების ინტერესების დაბალანსებისთვის. მაგალითად, სუბიექტს შეიძლება მიეწოდოს ვიდეოჩანაწერები იმ ფორმით, რომ მათში დაიფაროს კადრში მოხვედრილი მესამე პირების გამოსახულება. სამსახურმა აღნიშნა, რომ მაშინაც კი, როდესაც ვიდეოჩანაწერი შეიცავს სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, ხშირ შემთხვევაში, იძლევა არასაჭირო მონაცემების განსაკუთრებული ძალისხმევის/დანახარჯის გარეშე დაფარვის შესაძლებლობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლის განმარტება ვიდეოჩანაწერების იმგვარად დამუშავების შეუძლებლობის შესახებ, რომ მოეხდინა მასში ასახული მესამე პირების მონაცემების დეპერსონალიზაცია (მაგ.: გამოსახულებების ე.წ. „დაბლარვა“), არ იქნა გაზიარებული.
შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებით, კომპანიას დაევალა, განმცხადებლისთვის გადაეცა მის მიერ გამოთხოვილი, მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების ასლები იმგვარი ფორმით, რომ შეუძლებელი ყოფილიყო ჩანაწერებში ასახული მესამე პირების იდენტიფიცირება.