. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2024-11-20
თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მონაცემების ელექტრონული რესურსების გამოყენებით, მათ შორის ვებგვერდებზე განთავსების გზით, დამუშავება უფრო და უფრო საფრთხილო ხდება; ხოლო მონაცემთა განგრძობადი დამუშავებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების საფუძვლის არსებობის პერიოდული შეფასება და პოტენციური რისკების იდენტიფიცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილ შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მინისტრის 2012- 2014 წლების ბრძანებების განთავსების გზით სხვადასხვა დაფინანსების/გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირთა ფართო წრის, მათ შორის ახალგაზრდების, დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება იქნა შესწავლილი. სამინისტროს ვებგვერდზე 2012-2014 წლებში გამოქვეყნებული მინისტრის რამდენიმე ათეული ბრძანება ჯამურად 2500-ზე მეტი პირის ისეთ მონაცემებს შეიცავდა, როგორებიცაა: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სწავლის საფასური, გრანტი და სხვა. ცალკეული ბრძანებების სახელწოდებებით/გაცემული გრანტების ტიპით ირკვეოდა, რომ დაფინანსება ობოლ (უდედმამო), სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ, სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ აბიტურიენტებს/სტუდენტებს ჰქონდათ მოპოვებული.
მონაცემების გამოქვეყნების საჭიროებასთან დაკავშირებით, მოცემულ საქმეში სამინისტრომ ისეთ ლეგიტიმურ ინტერესებზე მიუთითა, როგორებიცაა: ეროვნული გამოცდებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, უწყების მიერ თემატური ინფორმაციის გამჭვირვალობის/ობიექტურობის უზრუნველყოფა, აქტების ადრესატებისათვის ჩაბარება და სხვა. თუმცა განხილვის ფარგლებში გამოვლინდა, რომ აღნიშნული ინტერესები ბრძანებების გამოქვეყნების დროს და მომდევნო გარკვეულ პერიოდში არსებობდა; ხოლო საწყის ეტაპზე მონაცემების სათანადო საფუძვლით გამოქვეყნება თავისთავად იმას არ გულისხმობს, რომ დამუშავების საფუძვლები, დოკუმენტების ვებგვერდზე განთავსების გრძელვადიან პერიოდში უწყვეტად შენარჩუნდებოდა. ამასთან, 2015 წლიდან სამინისტრომ თავად დაიწყო ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელ დოკუმენტებში პერსონალური მონაცემების დაშტრიხვა, რაც ეროვნული გამოცდების გზით ჩარიცხვისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ საზოგადოებრივი ინტერესის კლებით ახსნა. ამავე პერიოდიდან ვებგვერდი აღარ წარმოადგენდა აბიტურიენტებისთვის/სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიღების აუცილებელ წყაროს და იგი საგანმანათლებლო სფეროში დანერგილმა სისტემებმა ჩაანაცვლა.
არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ათი და მეტი წლის წინანდელ ბრძანებებთან მიმართებით, 2024 წლის მდგომარეობით გასული იყო ის გონივრული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ადრესატებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირების სამართლებრივი ვალდებულება ან/და მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი იარსებებდა. ყურადღება გამახვილდა 2012-2014 წლების ბრძანებების გასაჩივრების ვადების ამოწურვაზე, გრანტების დაგეგმილი წესით განაწილებასა და შესაბამისი წლების სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დაწყებაზე. გარდა ამისა, სამსახურის მიერ ინსპექტირების პროცესის დასრულებამდე, სამინისტრომ პერსონალური მონაცემების შემცველი შესაფასებელი პერიოდის ბრძანებები ვებგვერდიდან თავად წაშალა.
ამდენად, 2024 წლის მდგომარეობით სამინისტროს ვებგვერდზე მინისტრის 2012-2014 წლების ბრძანებების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ დადასტურდა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.