date

2024-08-22

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ უძრავი ქონების რეესტრში უფლებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დაინტერესებული პირების სატელეფონო ნომრების ძიების პარამეტრად გამოყენების გზით დამუშავება


უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის საჯაროდ ხელმისაწვდომობა, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კანონიერი ინტერესების დაცვას, ასევე, მარეგისტრირებელი ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობას და მასზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას ემსახურება. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი გასაჯაროებული პერსონალური მონაცემების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზაა. თავის მხრივ, მარეგისტრირებელი ორგანო თავად განსაზღვრავს იმ პრაქტიკულ და ტექნიკურ საშუალებებს, რომელთა მეშვეობით რეესტრის საჯაროობა მიიღწევა. აღნიშნული ზომების შერჩევისას პერსონალური მონაცემების დამუშავების წესების ზედმიწევნით გათვალისწინება, პოტენციური საფრთხეების პროგნოზირება და პრევენცია, არსებითად მნიშვნელოვანია.

როდესაც პირი სსიპ  „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ვებგვერდის გამოყენებით უძრავი ქონების რეესტრში ინფორმაციის მოძიებას ცდილობს, სისტემა მას ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე ამისამართებს, რომელიც ვიზიტორს ამცნობს, რომ უძრავ ნივთთან დაკავშირებული მასალა პიროვნების სახელით, გვარითა და პირადი ნომრით შეუძლია მოიძიოს. სამსახურში წარმოდგენილ შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით განხორციელებული სატესტო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ რეესტრში რეგისტრირებულ გარკვეულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე წვდომის შესაძლებლობას ფიზიკური პირის ტელეფონის ნომერიც იძლეოდა, თუმცა ტელეფონის ნომრის მფლობელის სისტემის მეშვეობით იდენტიფიცირება არ იყო შესაძლებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა ამ პროცესში მონაცემთა დამუშავების კანონიერება შეისწავლა.

შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ პორტალი დაკავშირებულია სარეგისტრაციო პროგრამასთან, ხოლო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი განაცხადების ძიების პარამეტრი ― „პიროვნება/ორგანიზაცია“ — სარეგისტრაციო პროგრამაში არსებული „დაინტერესებული პირის“ მონაცემებთან არის ინდექსირებული (დაკავშირებული). შემოწმების ფარგლებში სარეგისტრაციო წარმოების მიზნებისთვის „დაინტერესებული პირი“ განმარტებულ იქნა, როგორც ნებისმიერი პირი, რომელსაც სააგენტოს გადაწყვეტილების ან ქმედების მიმართ შესაძლოა იურიდიული ინტერესი ჰქონდეს. „დაინტერესებული პირი“ ხშირ შემთხვევაში თავად არის სარეგისტრაციო წარმოების ინიციატორი და შეიძლება იგი როგორც უძრავი ნივთის შემძენი, ასევე გამსხვისებელი ან/და სხვა უფლების მქონე პირი იყოს. შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ „პიროვნება/ორგანიზაციის“ სახელწოდების მქონე საძიებო ველი, „დაინტერესებული პირის“ სახელის, გვარის, პირადი ნომრის გარდა, განაცხადის რეგისტრაციის პროცესში დაფიქსირებულ მის ტელეფონის ნომერთანაც იყო დაკავშირებული (ინდექსირებული).

ასევე, გამოვლინდა, რომ „დაინტერესებული პირის“ ტელეფონის ნომრის სააგენტოს მიერ მიღება და სარეგისტრაციო პროგრამაში ასახვა საჯარო უწყებისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებებით არ იყო განპირობებული და თავად მონაცემთა სუბიექტის ნებაზე იყო დამოკიდებული. სატელეფონო ნომრის მოპოვების თავდაპირველ მიზნად გამოიკვეთა სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „დაინტერესებული პირის“ მყისიერი ინფორმირება, განაცხადთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის (მაგალითად, წარსადგენი დოკუმენტაციის აუცილებლობის, მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე) მიწოდება და, შესაბამისად, მისთვის სერვისის ეფექტიანად გაწევა. რაც შეეხება „დაინტერესებული პირის“ ტელეფონის ნომრის შემდგომ, პორტალზე ძიების პარამეტრად გამოყენების გზით დამუშავებას, იგი სარეგისტრაციო პროგრამის 2016-2017 წლების სისტემურმა განახლებამ განაპირობა. სააგენტომ დაადასტურა, რომ ხსენებული ფუნქციონალის დამატება უწყების მიერ დასახულ ამოცანას არ წარმოადგენდა. რაც შეეხება მის საჭიროებას ― დაწესებულებამ ელექტრონულ პორტალზე განაცხადების „დაინტერესებული პირის“ ტელეფონის ნომრებით ძიება საგამონაკლისო შემთხვევებად დააიდენტიფიცირა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მიზანს დაუკავშირა და მიუთითა, რომ სხვა პარამეტრებით ძიების გართულების პროცესში იქნებოდა ის გამოსადეგი საშუალება (მაგალითად: როდესაც სუბიექტის მიერ შეცვლილია სახელი/გვარი, სარეგისტრაციო პროგრამაში არასწორადაა მითითებული სახელი/გვარი/პირადი ნომერი ან სუბიექტი უცხოელია).

შესაბამისად, დადგინდა, რომ „დაინტერესებული პირის“ ტელეფონის ნომრის მოპოვების მიზნისგან (ადმინისტრაციული წარმოების პროცესზე და შედეგებზე პირის ინფორმირება) განსხვავდებოდა მონაცემის შემდგომი დამუშავების მიზნები (კონკრეტული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებიდან ნებისმიერ დროს, ელექტრონული პორტალის მეშვეობით განცხადების/მასში მითითებული, მათ შორის – უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების ხელმისაწვდომობის მიზანი). აქედან გამომდინარე, სამსახურმა სატელეფონო ნომრებთან დაკავშირებით თავად მონაცემთა სუბიექტების გონივრული მოლოდინები შეაფასა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არც სააგენტოს ვებგვერდზე/პორტალზე განთავსებული ინფორმაცია და არც განაცხადის რეგისტრაციის პროცესი, „დაინტერესებული პირების“ საკონტაქტო ტელეფონის ნომრების შემდგომ, განსხვავებული მიზნით დამუშავებაზე პირთა პროაქტიულ და სათანადო ინფორმირებას ვერ უზრუნველყოფდა. შეფასებულ იქნა ის შედეგები, რომლებიც ელექტრონულ პორტალზე პირთა განუსაზღვრელ წრეს მოცულობითი ინფორმაციის მოძიების საშუალებას მხოლოდ ტელეფონის ნომრის მეშვეობით აძლევდა. ყოველდღიური ადამიანური ურთიერთობების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც პირისათვის ცნობილი ხდება სხვა პირის მხოლოდ ტელეფონის ნომერი, ან ტელეფონის ნომერი და სახელი. სხვა საძიებო მონაცემებისგან (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) განსხვავებით, ტელეფონის ნომრის შემთხვევაში, გაცილებით მეტია ალბათობა იმისა, რომ ელექტრონული პორტალის ვიზიტორი სააგენტოს ვებგვერდს იყენებდეს ტელეფონის ნომრით პირის იდენტიფიცირების ან/და დამატებითი მონაცემების მოპოვების მიზნით; ზემოხსენებული კი მესამე პირებს აძლევს განაცხადთან დაკავშირებული პირების პირად სივრცეში შეჭრისა და მათი ნებართვისა და გონივრული მოლოდინების გარეშე სხვადასხვა სახის მონაცემზე წვდომის შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მონაცემთა შემდგომი დამუშავების შედეგებმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს მონაცემთა სუბიექტების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე.

„დაინტერესებული პირის“ სატელეფონო ნომრის თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით დამუშავების გამო, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის საფუძველზე, სსიპ  „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.

მსგავსი გადაწყვეტილებები