date

2024-09-20

. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ საგადასახადო დავალიანების მქონე პირის შესახებ საჯარო შეტყობინებების ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით მონაცემთა დამუშავება


სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუმცა აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობა დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების მექანიზმს ითვალისწინებს. ამასთან, ინფორმაციის გასაჯაროება მონაცემთა დამუშავების სპეციფიკური სახეა და მნიშვნელოვანია, მონაცემების ამ გზით დამუშავების პროცესი განსაკუთრებული სიფრთხილით წარიმართოს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განცხადების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების გზით განმცხადებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა. შემოსავლების სამსახურში მომართვის ავტორის საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობდა, ხოლო შემოწმების ფარგლებში უწყების ვებგვერდზე სხვადასხვა დოკუმენტი განთავსდა, რომლებიც თვეების განმავლობაში იყო საჯაროდ გავრცელებული; მასალა შეიცავდა მის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომრებს, ჯარიმების ოდენობას, ინფორმაციას საგადასახადო დავალიანების თაობაზე და სხვა.

საგადასახადო კანონმდებლობით ფიზიკური პირისათვის დოკუმენტის ჩაბარების რამდენიმე გზა არსებობს: დოკუმენტის მისამართზე გაგზავნა, „rs.ge“-ის პორტალის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსება და საჯაროდ გავრცელება. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება დასაშვებია, თუ, მისამართზე ორჯერ გაგზავნის მიუხედავად, ის ადრესატს ვერ ჩაბარდება და ამავდროულად დოკუმენტის განთავსების შემდეგ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მას ადრესატი არ გაეცნობა. თავის მხრივ, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების თაობაზე წერილობით გადაწყვეტილებას უწყების უფლებამოსილი პირი იღებს.

მოცემულ საქმეში უფლებამოსილი პირის ბრძანებების მიხედვით, მხოლოდ ის დოკუმენტები უნდა გასაჯაროებულიყო, რომლებიც ადრესატს გაეგზავნა და ვერ ჩაბარდა, კერძოდ: წერილი, შემოწმების ფარგლებში მიღებული ბრძანებები და საგადასახადო მოთხოვნა; თუმცა, მათ გარდა, საჯაროდ გავრცელდა ფოსტის უკუგზავნილები, რომლებიც დამატებით მონაცემებს შეიცავდა (მაგალითად, ტელეფონის ნომრებს, ასევე, კონკრეტულ თარიღში მისამართზე არყოფნის და მისთვის წერილის ჩაუბარებლობის ფაქტებს). საჯარო შეტყობინებებში ასახული მასალა მათი გამოქვეყნების შემდეგ განმცხადებლის მიერ შექმნილ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზეც განთავსდა, რომელსაც ადრესატი გაეცნო, ხოლო აღნიშნულის თაობაზე დაწესებულებაც ინფორმირებული იყო. განმცხადებელმა საგადასახადო წარმოების ფარგლებში მიღებული საბოლოო აქტი (რომელიც ასევე გამოქვეყნებული იყო) ამავე უწყებაში გაასაჩივრა, რაც დოკუმენტის გაცნობის ფაქტზე მიუთითებდა. გარდა ამისა, განმცხადებელმა ორჯერ მიმართა უწყებას, დაადასტურა საჯაროდ გამოქვეყნებული მასალის გაცნობა და მათი წაშლა მოითხოვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

უწყების განმარტების თანახმად, დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების მიზანი მათი ადრესატისათვის ჩაბარება იყო, რათა სამართლებრივი შედეგები (მაგალითად, გასაჩივრების ვადის ათვლა) წარმოეშვა. თავის მხრივ, კანონმდებლობის მიხედვით, დოკუმენტის ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს ის ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. დაწესებულების პოზიციით, 20 დღის გასვლის შემდეგ გამოქვეყნებული მასალის საჯაროდ ხელმისაწვდომობა რამდენიმე გარემოებით იყო განპირობებული, მაგალითად, სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა საჯარო შეტყობინებას წაშლას, წაშლის პროცედურას არ ითვალისწინებდა, ასევე შესაძლებელი იყო ადრესატს მასალა მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ენახა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირება განეხორციელებინა. ამასთან აღინიშნა, რომ დავის დაწყების შემთხვევაში დაწესებულებას შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, დაემტკიცებინა, თუ როდის გაავრცელა საჯაროდ დოკუმენტები, ხოლო ფოსტის უკუგზავნილის საჯაროდ გავრცელება ემსახურებოდა ადრესატის ინფორმირებას დოკუმენტის მისამართზე გაგზავნის შესახებ.

სამსახურმა უწყების პოზიცია არ გაიზიარა და მიუთითა, რომ დოკუმენტების გამოქვეყნების ლეგიტიმური მიზანი მიღწეული იყო, ვინაიდან საჯარო შეტყობინებების ვებგვერდზე განთავსებიდან 20 დღე იყო გასული და ამავდროულად უტყუარად დგინდებოდა მისი ინფორმირების ფაქტები ადრესატის მიერ მასალის რეალურად ჩაბარებისა და შეტყობინებების გამოქვეყნების თაობაზე. ამასთან, სამსახურმა განმარტა, რომ, კანონის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს აქვს მასთან დაკავშირებული მონაცემების წაშლის უფლება, ხოლო მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა უფლების შეზღუდვისთვის საკმარისი საფუძველი. რაც შეეხება ფოსტის უკუგზავნილების გამოქვეყნებას ― ზოგადად, უწყებამ შესაძლებელია მიზანშეწონილად მიიჩნიოს მასთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირის არაერთ საკითხზე დარწმუნება. თუმცა, როდესაც ინფორმაცია ქვეყნდება არა ფართო საზოგადოებისთვის, არამედ მხოლოდ ერთი ინდივიდისთვის, მნიშვნელოვანია, გამოსაქვეყნებელი მონაცემების მინიმიზებული მოცულობა შეირჩეს.

ზემოაღნიშნული გარემოებებით დადასტურდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ (მინიმიზაციის პრინციპი) და „ე“ (ვადის შეზღუდვის) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების დარღვევა, რის გამოც სსიპ  „შემოსავლების სამსახური“ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის. 

მსგავსი გადაწყვეტილებები