ვიდეო-აუდიომონიტორინგი
ვიდეოკამერების სისტემები სხვადასხვა სახის, დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების, ჩაწერის, შენახვის) შესაძლებლობას იძლევა. ამა...
2024-12-12
საკუთარი საქმიანობის ფარგლებში სამართალდამცავი ორგანოები ამუშავებენ მოწყვლადი ჯგუფების მონაცემებს, რომელთა შესწავლა საქართველოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთვის პრიორიტეტული საკითხია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური შემოწმებების (ინსპექტირება) 2024 წლის გეგმის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად სწორედ მოწყვლადი ჯგუფის სტატუსის მქონე პირები განისაზღვრა.
პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავება შეიძლება განსაკუთრებით საზიანო იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და არასრულწლოვნის შემთხვევაში მათი მოწყვლადობის გათვალისწინებით. ამავე კატეგორიას ასევე განეკუთვნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელსაც ჰქონდა სუიციდის ჩადენის მცდელობა. შესაბამისად, მათი მონაცემების დამუშავება უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის შესაბამისად.
არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დაცვა ერთ-ერთი აქტუალური და პრობლემური საკითხია, მით უფრო, თუ მონაცემთა სუბიექტი კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდია. მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. სახელმწიფოს აკისრია მთელი რიგი ვალდებულებები, რომელთა საფუძველზე დგინდება არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ადეკვატური გარანტიები.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის თანახმად, გაიზარდა სუბიექტის უფლებები და გაფართოვდა მათი დაცვის გარანტიები. კანონმა სპეციალური წესებით მოაწესრიგა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, განისაზღვრა არასრულწლოვნის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გაცემის წესი და პირობები.
არასრულწლოვნის შესახებ მონაცემთა დამუშავებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გაითვალისწინოს და დაიცვას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. ბავშვთა საუკეთესო ინტერესის დაცვის პრინციპი განმტკიცებულია არაერთი სამართლებრივი აქტით როგორც ეროვნულ,22 ასევე – საერთაშორისო დონეზე.23 ბავშვის უფლებების შესახებ საქართველოს კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესის დეფინიცია არ არის ამომწურავი და ტოვებს სუბიექტური შეფასების შესაძლებლობას, რადგან, ბავშვთან დაკავშირებული საკითხების სიმრავლის გათვალისწინებით, მისი ამომწურავი განსაზღვრება შეუძლებელია. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დეფინიცია უნდა იყოს დინამიური და მოქნილი იმისათვის, რომ ადეკვატურად უპასუხოს ბავშვთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო კონკრეტულ შემთხვევას.
საერთაშორისო დონეზე არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვას უზრუნველყოფს „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის კონვენცია (“CRC”), რომლის მიხედვითაც, ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედების განხორციელებისას საჯარო ან კერძო სოციალური კეთილდღეობის დაწესებულებების, სასამართლოების, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოების მიერ, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე, დიდი როლი ეკისრებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, როგორც მონაცემთა მოწყვლად სუბიექტთა, უფლებების დაცვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ძირითად მიმართულებად განიხილება. ცალსახაა, რომ შშმ პირები საჭიროებენ გაძლიერებულ დაცვას, რამდენადაც შესაძლებელია, რომ ამ მონაცემების უკანონო დამუშავებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტს.
- სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია“
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გეგმურად შეისწავლა სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის“ (შემდგომში — აკადემია) მიერ არასრულწლოვანთა გამოკითხვის სპეციალიზებულ სივრცესა და მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო/აუდიომონიტორინგის განხორციელების კანონიერების საკითხი.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ აკადემიის ტერიტორიაზე 2018 წლიდან მოწყობილია სიმულაციური სწავლების სივრცე (მოიცავს არასრულწლოვანთა გამოკითხვის სპეციალიზებულ სივრცესაც), რომელიც აკადემიის მხრიდან გამოიყენება მხოლოდ მსმენელთა სწავლება/ტესტირების მიზნებისთვის; იგი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტებით, ამიტომ, შესაბამისი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, სამინისტროს გამომძიებლები აღნიშნულ სივრცეს იყენებენ არასრულწლოვანთა გამოკითხვის მიზნებისთვის. მართალია, ამ სივრცეში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, თუმცა ადგილზე შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ვიდეო-აუდიომონიტორინგი აღნიშნული სისტემის მეშვეობით არ ხორციელდებოდა და გამოცდის/ტესტირების მიზნებისთვის გამომძიებლების მხრიდან არასრულწლოვანთა გამოკითხვის პროცესის ვიდეო-აუდიოჩაწერის უზრუნველყოფისთვის სივრცეში განთავსებული იყო პორტატული კამერა. შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ არასრულწლოვანთა გამოკითხვის პროცესის ვიდეო-აუდიო ჩაწერა არ განხორციელებულა. არასრულწლოვანთა გამოკითხვის ვიდეო-აუდიოჩაწერის გზით ფიქსაციის პროცესში მონაცემთა დამუშავების ფაქტადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, არ დადგინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი.
პროცესის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ნაკლოვანებები, რამაც შესაძლოა სამომავლოდ არასრულწლოვანთა მონაცემთა უკანონო დამუშავების საფრთხეები შექმნას.
კამერების არსებობა, როდესაც არ ხდება ვიდეომონიტორინგი/ვიდეოჩაწერა, და, შესაბამისად, მონაცემების ამ გზით დამუშავება, იწვევს მონაცემთა სუბიექტის ქცევის თავისუფლების შეზღუდვას. უქმნის მას მცდარ წარმოდგენასა და მუდმივ განცდას, რომ იგი ექვემდებარება ვიდეომონიტორინგს. ამის გამო იგი ვალდებულია, სხვაგვარად აკონტროლოს თავისი ქცევა. საგულისხმოა ისიც, რომ დამუშავების ცრუ მოლოდინებით შესაძლოა, ხელი შეეშალოს მონაცემთა სუბიექტის უფლებების, მათ შორის – მონაცემთა გასწორების, განახლების, დაბლოკვისა თუ კანონმდებლობით გარანტირებული სხვა უფლებების რეალიზებას.
აღნიშნული კიდევ უფრო საყურადღებოა, როდესაც საკითხი არასრულწლოვანს მიემართება. მართალია, თითოეულ კამერასთან განთავსებული იყო ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის გამომრიცხავი შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, თუმცა ის, გამოკითხვის პროცესში მყოფი პირისთვის, მით უფრო არასრულწლოვნისთვის, შესაძლოა არ წარმოადგენდეს სათანადო ფორმით ინფორმირებას. ამ სივრცეში მოხვედრილმა მოზარდმა, მისი ასაკის, ფიზიკური და გონებრივი განვითარების (მაგალითად, წერა-კითხვის არმცოდნის, შეზღუდული მხედველობის და ა. შ.) გათვალისწინებით, შესაძლოა, ვერ დააფიქსიროს ან/და ვერ აღიქვას გამაფრთხილებელ ნიშანზე დატანილი ინფორმაცია (მით უმეტეს, როცა დადგენილია, რომ ვიდეო-მონიტორინგი საერთოდ არ მიმდინარეობს და აკადემიაც არ ერევა გამოკითხვის პროცესში, ხსენებულთან დაკავშირებით არც მითითებას იძლევა). შესაბამისად, არასრულწლოვანს სათვალთვალო კამერის დაფიქსირებისთანავე შესაძლოა მცდარი წარმოდგენა შეექმნას საკუთარი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
ამდენად, აკადემიას მიეცა რეკომენდაცია — კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველეყო სიმულაციური სწავლების, მათ შორის, არასრულწლოვანთა გამოკითხვის სპეციალიზებულ სივრცეში დამონტაჟებული კამერებით ვიდეომონიტორინგის განხორციელება ან მათი დემონტაჟი, რომლის შესრულებამდეც, ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ არასრულწლოვან მონაცემთა სუბიექტის არასწორი წარმოდგენის თავიდან ასაცილებლად, ვიდეოკამერები უნდა დაფარულიყო.
- საქართველოს პროკურატურა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გეგმურად შეისწავლა საქართველოს პროკურატურის მიერ არასრულწლოვანთა გამოკითხვის სპეციალიზებულ სივრცეებში, არასრულწლოვანთა ვიდეო-აუდიო ფიქსაციის პროცესში მონაცემთა დამუშავების კანონიერება.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ არასრულწლოვანთა გამოკითხვის მიზნით საქართველოს პროკურატურას 8 (რვა) რაიონული პროკურატურის შენობაში მოწყობილი აქვს არასრულწლოვანთა გამოკითხვის სპეციალიზებული ოთახები, რომლებშიც დამონტაჟებულია როგორც ვიდეოკამერები, ასევე – ხმოვანი სიგნალის ჩამწერი (აუდიოჩამწერი) მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც აღნიშნულ სივრცეებში გამოკითხვის პროცესის ვიდეო-აუდიომონიტორინგი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მიმდინარეობს. გამოკითხვის პროცესის ვიდეო-აუდიო ფიქსაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ერთი მხრივ, უკავშირდება სავარაუდო დანაშაულის კატეგორიას, მეორე მხრივ კი —არასრულწლოვნის ასაკს, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, ასევე – მის მძიმე ემოციურ ფონს, ვინაიდან არსებობს რისკი იმისა, რომ არასრულწლოვანს შესაძლოა დაავიწყდეს გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამავდროულად, აღნიშნულიემსახურება არასრულწლოვნის მეორეული ვიქტიმიზაციის (რაც შესაძლოა თან ახლდეს არასრულწლოვნის ჩვენების მიცემის მიზნით სასამართლოში მის განმეორებით დაკითხვას) რისკების შემცირებას.
იმის გათვალისწინებით, რომ საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსები), შესაბამისი აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს გამოკითხვის პროცესის ვიდეო-აუდიოჩაწერას, ამდენად, შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ პროკურატურას ჰქონდა ვიდეო- აუდიომონიტორინგის განხორციელების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები.
შეფასდა მონაცემთა სუბიექტების (გამოსაკითხი არასრულწლოვნების) ინფორმირებისა და ვიდეო-აუდიო ჩაწერის გზით დამუშავებული მონაცემების უსაფრთხოების საკითხებიც.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ პროკურატურის სისტემაში მოწყობილი 8 (რვა) გამოსაკითხი ოთახიდან 7 (შვიდი) სივრცეში გამაფრთხილებელი ნიშანი საერთოდ არ იყო განთავსებული და გამოკითხვის პროცესში მონაწილე პირების ინფორმირება ვიდეო-აუდიომონიტორინგის მიმდინარეობის თაობაზე ხდებოდა ზეპირსიტყვიერად, რაც აისახებოდა გამოკითხვის ოქმში. ერთ-ერთ რაიონულ პროკურატურაში კი განთავსებული იყო ვიდეო-აუდიომონიტორინგის განხორციელების თაობაზე გამაფრთხილებელი ნიშანი, თუმცა ის არ შეიცავდა მითითებას, რომ ვიდეო-აუდიო ჩაწერა ხორციელდებოდა მხოლოდ გამოკითხვის პროცესში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აღნიშნული ფორმით მონაცემთა სუბიექტების ინფორმირება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია, ვინაიდან გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე ვიდეოკამერის არსებობა, როდესაც ხსენებულ სივრცეში მუდმივ რეჟიმში არ მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი, ოთახში მყოფ პირებს თავისთავად უქმნის მცდარ წარმოდგენას, თითქოს ექვემდებარებიან ვიდეო-აუდიომონიტორინგს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა განმარტა, რომ არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულ ნებისმიერ პირს ეკისრება ვალდებულება, მიიღოს ყველა ზომა, რათა მონაცემების დამუშავების პროცესი იყოს გამჭვირვალე, წარიმართოს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას არასრულწლოვანთა კანონიერ ინტერესს. ამასთან, არასრულწლოვან მონაცემთა სუბიექტს ნათელი წარმოდგენა შეექმნას დამუშავების პროცესის შესახებ. შესაბამისად, კანონის მე-10 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით, ასევე, მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებისა და მონაცემთა სუბიექტების სწორი ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით, პროკურატურას მიეცა დავალება.
- საქართველოს პროკურატურა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გეგმურად შეისწავლა საქართველოს პროკურატურის მიერ მის სისტემაში შემავალი, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაცემების დამუშავების კანონიერება.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე როგორც სრულწლოვან, ასევე – არასრულწლოვან პირთა პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომლებსაც მოიპოვებს პროკურატურის ანალიტიკური სამმართველოსა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამიდან, 2021 წლიდან ასახავს და ინახავს ე. წ. ექსელის ფორმატის ფაილში.
საქართველოს პროკურატურამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნად, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სხვადასხვა სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილებების, მათ შორის, საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელება დაასახელა. გამოიკვეთა, რომ, დამუშავებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, დეპარტამენტი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებების დაცვის მონიტორინგსა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას. ამასთან, ამ ფორმით დამუშავებული მონაცემის საფუძველზე, პროკურატურა ყოველწლიურად ახდენს ანგარიშგებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის წინაშე.
საქართველოს პროკურატურის მიერ მითითებული სამართლებრივი აქტების ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ პროკურატურას აქვს მონაცემების ამ ფორმით დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, შესაფასებელი გახდა მონაცემთა შენახვის ვადების კანონიერებისა და მონაცემთა უსაფრთხოების საკითხები.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ საქართველოს პროკურატურას შეფასებული არ ჰქონდა მონაცემთა შენახვის კონკრეტული ვადა. საქართველოს პროკურატურამ მიუთითა, რომ ზემოხსენებული ფორმით მონაცემთა დამუშავება დაწყებულია 2021 წლიდან. შესაბამისად, ამ ინფორმაციის შენახვის საჭიროება კვლავ ჰქონდა.
რაც შეეხება მონაცემთა უსაფრთხოების საკითხს, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ე. წ. „ექსელის“ ფორმატში შენახული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალურ მონაცემებზე წვდომა შეზღუდულია და გამომდინარეობს კონკრეტული საჭიროებიდან. თუმცა ელექტრონული სისტემის (ე. წ. „ექსელის“) ფაილს, რომელშიც ხსენებული მონაცემები ინახებოდა, არ ჰქონდა მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალი (ე. წ. „ლოგირება“). ამასთან, აღნიშნული ფუნქციონალი არც უშუალოდ იმ კომპიუტერებში იყო ჩართული, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდებოდა წვდომა ე. წ. „ექსელის“ ფაილზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური მონაცემების ე. წ. „ექსელის“ ფაილის სახით შენახვის კონკრეტული ვადების განსაზღვრა და იმგვარი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფდა მონაცემთა მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვას.
- სპეციალური პენიტენციური სამსახური
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში — სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში —არსებული სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართულ მსჯავრდებულთა შესახებ მონაცემების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისთვის გადაცემის პროცესში მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხი.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური, „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის №643 ბრძანებით დადგენილი წესის თანახმად, სავარაუდო სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იდენტიფიცირებისა და მათთვის პროგრამის ფარგლებში შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, მოიპოვებს და ინახავს თავისუფლებააღკვეთილი პირების პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის (ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას) მონაცემებს.
ზემოხსენებული ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ დაწესებულებიდან გათავისუფლებული მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით ვალდებულია, გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში ან მსჯავრდებული მთლიანად თავისუფლდება სასჯელის შემდგომი მოხდისგან, მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართულობის შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ასეთ დროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, პრობაციის ეროვნულ სააგენტოს წერილობითი ფორმით აწვდის შემდეგ მონაცემებს: მსჯავრდებულის სახელს, გვარს, მამის სახელს, პირად ნომერს, სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართულობის, ბოლო გადამოწმების თარიღისა და სუიციდის რისკის დონის განსაზღვრის თაობაზე ინფორმაციას, ხოლო დანართის სახით უგზავნის მსჯავრდებულის თანხმობას მონაცემების პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის გამჟღავნებასთან დაკავშირებით.
ვინაიდან მონაცემების სხვა საჯარო დაწესებულებისთვის („პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის“) გამჟღავნებას შესაბამისი ბრძანება უდევს საფუძვლად, რომელიც, თავის მხრივ, ამ ფორმით მონაცემთა დამუშავებას სწორედ მონაცემთა სუბიექტის თანხმობას უკავშირებს, შეფასდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან სუიციდის პროგრამაში ჩართული მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის მიღების საკითხი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აქვს ბენეფიციარების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების (მსჯავრდების, გარკვეულ შემთხვევებში კი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის) პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის ლეგიტიმური მიზანი. კერძოდ, აღნიშნული ემსახურება ბენეფიციარის ინტერესს, მიიღოს უწყვეტი მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს მის ფიზიკურ უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს (რათა თავიდან იქნეს აცილებული სუიციდი/მისი მცდელობა). საგულისხმოა ისიც, რომ ბენეფიციარი წერილობითი ფორმით ადასტურებს მონაცემების პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემას, თუმცა იმისთვის, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შეძლოს თანხმობის არსებობის დადასტურება, მნიშვნელოვანია, მან თანხმობა მოიპოვოს კანონით დადგენილი წესით, რისთვისაც თანხმობის გაცემამდე მონაცემთა სუბიექტს წინასწარ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია დამუშავების მიზნების შესახებ.
თანხმობას უნდა ჰქონდეს ნებაყოფლობითი ხასიათი და უნდა გამოიხატოს აქტიური მოქმედებით. შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ თანხმობის ფორმა არ შეიცავდა ინფორმაციას, კონკრეტულად რომელი მონაცემები (თანხმობის ტექსტით არ იდენტიფიცირდებოდა, რომ პირის სახელი, გვარი, მამის სახელი, პირადი ნომერი, გათავისუფლების თარიღი, ბოლო გადაფასების თარიღისა და რისკის დონის შესახებ ინფორმაციის გადაცემა მოხდება) და რა მიზნით უნდა გადასცემოდა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელის მოწერა იმთავითვე არ იქნა მიჩნეული მონაცემების დამუშავებაზე წერილობით თანხმობად, რადგან იგი არ მოიცავდა გადასაცემი მონაცემების ამომწურავ ჩამონათვალსა და მონაცემთა დამუშავების მიზნის თაობაზე ბენეფიციარის ინფორმირების დადასტურებას.
შემოწმების შედეგად არ გამოიკვეთა სამართალდარღვევის ფაქტი, თუმცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიეცა დავალება - შეემუშავებინა წერილობითი თანხმობის სტანდარტული ტექსტი, რომლითაც ბენეფიციარს მიეწოდება სრული ინფორმაცია პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის გადასაცემი მონაცემებისა და გადაცემის მიზნის შესახებ, რასაც ბენეფიციარი კანონით დადგენილი წესით დაადასტურებდა. უწყებას ასევე დაევალა, უზრუნველეყო მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად აღრიცხვა.