date

2024-11-07

მუნიციპალიტეტების მიერ მონაცემთა გასაჯაროება


სამსახურმა გეგმურად შეისწავლა 5 (ხუთი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (მერიისა და საკრებულოების) მიერ პერსონალური მონაცემების შემცველი სამართლებრივი აქტების ოფიციალური ვებგვერდების საშუალებით გასაჯაროების კანონიერება. შემოწმებების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე, საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ სამართლებრივ აქტებთან ერთად, ხშირ შემთხვევაში გამოქვეყნებული იყო დაწესებულებების მიერ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში გამოცემული ისეთი სამართლებრივი აქტები, როგორებიცაა: დასაქმებული პირების შვებულების, მივლინების, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე და სხვა.

შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სამართლებრივი აქტები შეიცავდა მერიაში/საკრებულოში დასაქმებული პირების (მათ შორის – დამლაგებლის, მძღოლის, სპეციალისტების პოზიციებზე დასაქმებული პირების და სხვა) შემდეგ მონაცემებს: პირის სახელს, გვარს, სამსახურებრივ პოზიციას, შვებულების პერიოდსა და მიზეზს (მათ შორის – გართულებული მშობიარობის გამო დეკრეტული შვებულების თაობაზე), მივლინების პერიოდსა და ადგილს, თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღებს, თანამდებობრივი სარგოს შესახებ ინფორმაციას, დისციპლინური წარმოების შესახებ დეტალებს, სატელეფონო ნომრებს და ა. შ.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული, პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის შინაარსი, სიმრავლე და მათი გამოცემის პერიოდები ადასტურებდა, რომ პერსონალური მონაცემების შემცველი სამართლებრივი აქტების გასაჯაროება შემოწმებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის დადგენილ პრაქტიკას წარმოადგენდა. აღნიშნული აქტების გამოქვეყნებას მუნიციპალიტეტების ორგანოების უმრავლესობა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციად მიიჩნევდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილი პოზიციით, მათ შორის შრომითი ურთიერთობის ფარგლებში გამოცემული სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე გამოქვეყნება ემსახურებოდა მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და მაღალი საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას. 2 (ორი) შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა მონაცემების დამუშავების საფუძვლად ასევე მიუთითეს მონაცემთა სუბიექტების თანხმობა. ერთ-ერთ შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის დამუშავებაზე მუნიციპალიტეტი ზეპირად იღებდა თანხმობას (რაც არ აკმაყოფილებს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს); ხოლო მეორე შემთხვევაში, მიუხედავად მონაცემთა სუბიექტების თანხმობის არსებობისა, დარღვეული იყო მონაცემთა დამუშავების პრინციპები, ვინაიდან საკრებულოს მიერ ვერ მიუთითა მონაცემთა დამუშავების კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზანი.

დასაქმებული პირების პერსონალური მონაცემების შემცველი სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე გამოქვეყნებასთან მიმართებით სამსახურის მიერ არ იქნა გაზიარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პოზიცია, რომლის თანახმადაც, მონაცემთა გასაჯაროება ემსახურებოდა მაღალი საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას. სამსახურმა განმარტა, რომ პირადი ინფორმაციის დაცვის სტანდარტი განსხვავებულია თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა/მოხელეთა შემთხვევებში. აღნიშნულს განაპირობებს საზოგადოების, ასევე, ანგარიშვალდებულებისა და თანამდებობის პირთა და ადმინისტრაციულ ორგანოთა მიმართ მომეტებული საჯარო ინტერესის არსებობა. საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებისას საჯარო ინტერესი უნდა განისაზღვროს კანონის საფუძველზე. ინტერესთა შეპირისპირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონში მოცემული ფორმულირება, კანონით განსაზღვრული საჯარო ინტერესის შინაარსი, რომლის დაცვის მიზანიც ამართლებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საჯარო ინტერესის საფუძვლით პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების შეზღუდვა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის აუცილებელი და პროპორციული შეზღუდვის მიზანთან. ამასთან, პერსონალური მონაცემების დამუშავება მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და ეს ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და თანაზომიერი. ამასთან, სამსახურმა აღნიშნა, რომ მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებთან ან პრობლემებთან დაკავშირებით და რომლებთან მიმართებითაც საზოგადოებას გააჩნია ინფორმირების ინტერესი.

საჯარო მოხელეების/საჯარო მოსამსახურეების მონაცემების გასაჯაროებასთან დაკავშირებით მსჯელობისას სამსახურმა მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 44-ე მუხლებზე, რომელიც განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამასთან, საჯარო დაწესებულება ვალდებულია პირის პერსონალური მონაცემები არ გაახმაუროს ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. აღნიშნული ნორმა უშვებს მხოლოდ თანამდებობის პირის და თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის მონაცემების საჯაროობას.

სამსახურის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ზემოაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დაეკისრათ კანონის 66-ე, 67-ე და 68-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. ამასთან, მათ დაევალათ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და დამუშავების პრინციპების დარღვევით მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული სამართლებრივი აქტების წაშლა.

 

მსგავსი გადაწყვეტილებები