. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2024-10-10
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა სამედიცინო დაწესებულებების ― ორი ლაბორატორიისა და ერთი სტომატოლოგიური კლინიკის — მიერ ვიდეომონიტორინგის განხორციელების კანონიერება.
შემოწმებების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სტომატოლოგიური კლინიკა ქირურგიული და თერაპიული მანიპულაციებისთვის განკუთვნილ კაბინეტებში, ხოლო ერთ-ერთი ლაბორატორია ― ლაბორატორიული ტესტირებისთვის ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებისა და დამუშავებისთვის განკუთვნილ ოთახებში ვიდეომონიტორინგს ახორციელებდნენ სამედიცინო პერსონალისთვის დაკისრებული უფლებამოსილებების არაჯეროვანი შესრულების თავიდან აცილებისა და შეცდომების დროული იდენტიფიცირების მიზნით. ლაბორატორია საკუთრების დაცვის მიზნით ვიდეომონიტორინგს ახორციელებდა რადიოლოგიის კაბინეტშიც. სამსახურის შეფასებით, ისეთ სივრცეებში, სადაც პაციენტს უტარდება სამედიცინო მანიპულაციები, პირს აქვს თავისი პირადი ცხოვრების დაცულობისა და პატივისცემის ლეგიტიმური და გონივრული მოლოდინი; სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში დამუშავებული მონაცემების სენსიტიური ხასიათის გათვალისწინებით კი სამსახურმა განმარტა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცული იქნეს პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; ხოლო სამედიცინო პროცედურების განხორციელებისთვის განკუთვნილ სივრცეში დამონტაჟებული კამერა პირს უკარგავს კონფიდენციალურობის შეგრძნებას და ზღუდავს მისი ქცევის თავისუფლებას. აღნიშნული შემოწმებების ფარგლებში სამსახურმა ვიდეომონიტორინგის სამედიცინო მანიპულაციების ოთახებში განხორციელება მიიჩნია კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევად და აღნიშნულის აღმოსაფხვრელად გასცა შესაბამისი დავალებები.
მოცემულ შემთხვევაში ასევე დადგინდა, რომ სამედიცინო დაწესებულებები ლაბორატორიის ადგილზე გამოძახების თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სამუშაო ოთახსა და საკონფერენციო დარბაზში ვიდეომონიტორინგს ახორციელებდნენ საკუთრების დაცვის მიზნებისთვის. სამსახურის შეფასებით, მართალია, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების მიერ ქონების დაცვა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ლეგიტიმურ ინტერესად, თუმცა აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია სხვა საშუალებებითაც (კერძო დაწესებულებაში არსებული ნივთების, საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიებია, მაგალითად, ე. წ. დაცვის სერვისით სარგებლობა, შემოსასვლელში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის დაყენება, ნივთებისთვის სპეციალური სათავსოს განსაზღვრა და სხვა). ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ სამედიცინო დაწესებულებების მიერ ლაბორატორიის ადგილზე გამოძახების თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სამუშაო ოთახსა და საკონფერენციო დარბაზში ვიდეომონიტორინგის განხორციელება ვერ აკმაყოფილებს დასაქმებულის სამუშაო ადგილის ვიდეომონიტორინგის კანონიერებისთვის აუცილებელ თანაზომიერების ტესტს და წარმოადგენს დასაქმებულის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში არამართლზომიერ ჩარევას. ამდენად, სამსახურის შეფასებით, აღნიშნული სივრცეების ვიდეომონიტორინგი არ იქნა მიჩნეული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისად.
ერთ-ერთი ლაბორატორიის შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ლაბორატორია ვიდეომონიტორინგს ახორციელებდა პაციენტის მოსაცდელში დაყოვნების დროის კონტროლის, პაციენტთა ნაკადის შემოწმების, კადრის დამატების ან ახალი ფილიალის გახსნის საჭიროების განსაზღვრის მიზნითაც. ხაზგასასმელია, რომ დასახელებული მიზნების მიღწევა ლაბორატორიამ შესაძლოა უზრუნველყოს ვიდეომონიტორინგის განხორციელების გარეშეც (მაგალითად, ე. წ. „მისტიური მომხმარებლის“ მეშვეობით, პაციენტების კმაყოფილების კვლევის კითხვარით, მომხმარებელთა რაოდენობის ანალიზის საშუალებით და ა. შ.). შესაბამისად, აღნიშნული მიზნებით ვიდეომონიტორინგის განხორციელება არ იქნა მიჩნეული მიზნის ადეკვატურ და პროპორციულ საშუალებად.
ერთ-ერთი ლაბორატორიისა და სტომატოლოგიური კლინიკის შემოწმებების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ სამედიცინო დაწესებულებები ვიდეომონიტორინგის სისტემის მეშვეობით გარკვეულ სივრცეებში ახორციელებდნენ აუდიომონიტორინგსაც.
რეგისტრატურის სივრცესა და მორფოლოგიის ოთახში აუდიომონიტორინგის მიზნად ლაბორატორიამ მიუთითა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად მონაცემების დამუშავების საჭიროება და განმარტა, რომ აუდიომონიტორინგი ხორციელდებოდა სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. შემოწმების ფარგლებში დადგენილი გარემოებების ერთობლიობით დადასტურდა, რომ აუდიომონიტორინგის მიზანი იყო მომსახურების ხარისხის კონტროლი, მისი გაუმჯობესება და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა. სამსახურის შეფასებით, ამ სივრცეებში აუდიომონიტორინგი არ წარმოადგენდა დასახელებული ინტერესების დაცვის აუცილებელ საშუალებას და იწვევდა არაპროპორციულ ჩარევას მონაცემთა სუბიექტების პირად ცხოვრებაში, რაც ეწინააღმდეგება კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. შეფასდა ის გარემოებაც, რომ დასახელებულ სივრცეებში მომხმარებლებთან კომუნიკაცია მუდმივად არ ხორციელდებოდა, თუმცა ლაბორატორია მომხმარებლის არყოფნის შემთხვევაშიც კი ახდენდა თანამშრომლების აუდიომონიტორინგს. შესაბამისად, ლაბორატორიას შესაძლოა დაემუშავებინა ის მონაცემები, რომლებიც არ უკავშირდებოდა თანამშრომლის მიერ მომსახურების განხორციელების ხარისხს (მაგალითად, მის პირად სატელეფონო საუბრებს ან/და კომუნიკაციას სხვა თანამშრომლებთან).
სტომატოლოგიური კლინიკის შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ კლინიკისთვის არ იყო ცნობილი ინფორმაცია ვიდეოჩაწერასთან ერთად აუდიოჩაწერის მიმდინარეობის თაობაზე. შესაბამისად, კლინიკას აუდიომონიტორინგის განხორციელების ლეგიტიმური მიზანი და საჭიროება არ ჰქონდა. სამსახურმა შემოწმების ფარგლებში აგრეთვე იმსჯელა სამედიცინო დაწესებულებების მიერ ვიდეომონიტორინგის გზით დამუშავებული პერსონალური მონაცემების მიმართ მიღებული უსაფრთხოების ორგანიზაციულტექნიკური ზომების მნიშვნელობაზე. კერძოდ, ერთ-ერთი ლაბორატორიის შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ვიდეომონიტორინგის სისტემაზე წვდომისთვის არაერთი პირი გამოიყენებდა ერთსა და იმავე მომხმარებელს, თუმცა შემოწმების ფარგლებში ლაბორატორიამ უზრუნველყო ვიდეომონიტორინგის სისტემაზე წვდომის უფლების მქონე პირების განპიროვნებული, პაროლით დაცული მომხმარებლებით დაშვება.
სამსახურის გადაწყვეტილებით, სამივე სამედიცინო დაწესებულება ვიდეომონიტორინგის წესების დარღვევისათვის ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, სტომატოლოგიურ კლინიკასა და ერთ-ერთი ლაბორატორიას კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა აუდიომონიტორინგის წესების დარღვევისთვისაც. დამატებით, ერთ-ერთ ლაბორატორიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრა მონაცემთა უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის. შემოწმების ფარგლებში სამივე სამედიცინო დაწესებულებას მიეცა დავალებები გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით.