date

2024-08-08

მონაცემთა დამუშავების სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევები - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“


სამსახურმა გეგმურად შეისწავლა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ ვიდეომონიროტინგის განხორციელების კანონიერება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტისგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მგზავრთა გადაყვანის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მეტრო, „M3“ კატეგორიის ავტობუსი, საბაგირო, მიკროავტობუსი), რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს ასი ათასობით პირი.

შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ პირის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისა და საკუთრების უფლების დაცვის მიზნით კომპანია ახორციელებს როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ― მეტროს სადგურების, საბაგიროების, ავტობუსების, ისე – ადმინისტრაციული შენობებისა და საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ობიექტების ვიდეომონიტორინგს; თუმცა გამოიკვეთა, რომ კომპანია შესაბამისი საჭიროების/მიზნის გარეშე ახორციელებდა თავისი ერთ-ერთი ობიექტის მომიჯნავედ მდებარე კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ვიდოემონიტორინგს, რაც კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას წარმოადგენს.

სევე, მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე დასაქმებული პირების სამუშაო სივრცის ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობდა კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით; თუმცა კომპანიაში დასაქმებული პირები წერილობითი ფორმით არ იყვნენ გაფრთხილებულნი ვიდეომონიტორინგის კონკრეტული მიზნის თაობაზე, რაც არ შეესაბამება კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნებს. აგრეთვე დადგინდა, რომ კომპანიას ვიდეომონიტორინგის თაობაზე გამაფრთხილებელი ნიშნები განთავსებული ჰქონდა იმგვარად, რომ გარკვეულ შემთხვევებში არ იყო აღქმადი ვიდეომონიტორინგის არეალი. გარდა ამისა, კომპანია ვიდეომონიტორინგს ახორციელებდა გამოცდის/ტესტირებისთვის განკუთვნილ აუდიტორიაში, რომელიც ამასთანავე გამოიყენებოდა სასწავლო მიზნებისთვისაც, კომპანიის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი კომპანიას არ ჰქონდა სასწავლო პროცესის ვიდეომონიტორინგის საჭიროება და მიზანი.

შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის, ასევე – პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების/წესრიგის უზრუნველყოფისა და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, კანონის მე-5 მუხლის „გ“, „დ“ და „ზ“ საფუძველზე, კომპანიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებულია სამინისტროს თანამშრომლების წვდომა კომპანიის ვიდეომონიტორინგის სისტემაში არსებულ იმ კამერებზე, რომლებიც განთავსებულია საჯარო სივრცეებში/თავშეყრის ადგილებში, მათ შორის – მეტროს სადგურების გარე და შიდა ტერიტორიებზე. მიუხედავად აღნიშნულისა, კომპანია სამინისტროს მომხმარებლებს შესაბამისი საჭიროების/მიზნის გარეშე ანიჭებდა წვდომას იმ კამერების ჩანაწერებზე, რომლებიც არ იყო განთავსებული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (მაგალითად: ადმინისტრაციული შენობები, სახელოსნო და ა. შ.). კომპანიამ ვერ წარმოადგინა ასეთი ვიდეოკამერების ჩანაწერების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წვდომის გზით გამჟღავნების საფუძველი და სათანადო დასაბუთება, რაც კანონის მე-5 მუხლის დარღვევად შეფასდა.

აგრეთვე, მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ერთი ტიპის ავტობუსებში განთავსებული ვიდეოკამერების მეშვეობით ვიდეომონიტორინგთან ერთად ხორციელდება აუდიომონიტორინგიც. შემოწმების ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიას არ ჰქონდა ავტობუსებში აუდიომონიტორინგის განხორციელების მიზანი და საჭიროება. ამასთანავე დადგინდა, რომ ვიდეომონიტორინგის სისტემაზე წვდომის უფლების მქონე გარკვეული თანამშრომლები ფლობდნენ ინფორმაციას ერთი ტიპის ავტობუსებში მიმდინარე აუდიომონიტორინგის თაობაზე, თუმცა, აუდიოჩაწერის მიზნის/საჭიროების არარსებობის მიუხედავად, კომპანიას არ მიუღია აუცილებელი ზომები აღნიშნულის შესაწყვეტად. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად გადაადგილდება ასი ათასობით პირი, რომლებიც მგზავრობისას შესაძლებელია ამყარებდეს პირადი ხასიათის, მათ შორის – სატელეფონო, კომუნიკაციას. ამდენად, კომპანიის მიერ აუდიომონიტორინგი მიმდინარეობდა კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის გარეშე.

შემოწმების ფარგლებში დადგინდა კომპანიის მიერ კანონის 27-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტებიც. კომპანიის ზოგიერთ თანამშრომელს წვდომა ჰქონდა ვიდეომონიტორინგის სისტემაში არსებულ იმ კამერებზე, რომლებიც არ შედიოდა მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, ვიდეოსათვალთვალო სისტემაზე წვდომისთვის კომპანიის არაერთი თანამშრომელი იყენებდა ერთი და იმავე მომხმარებლის ანგარიშს, ხოლო ვიდეომონიტორინგის სისტემაში ჩანაწერების მიმართ განხორციელებული მოქმედებები სრულად არ აღირიცხებოდა. ხსენებული გარემოებები ქმნიდა მონაცემთა უკანონოდ დამუშავების მნიშვნელოვან რისკებს, რის გამოც დაირღვა კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნები.

სამსახურის გადაწყვეტილებით კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესების დარღვევა), 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (აუდიომონიტორინგის წესების დარღვევა) და 76-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენაში. იმავდროულად, კომპანიას მიეცა დავალებები შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით.

მსგავსი გადაწყვეტილებები